Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 წლის შემდეგ "ზარქუას ცემის საქმეზე" ხაბეიშვილის წინააღმდეგ სასამართლო განხილვა იწყება


პარლამენტის მოქმედი წევრი და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ლევან ხაბეიშვილი წინააღმდეგია მას შეეხოს "ამნისტიის შესახებ" კანონი 2020 წლის 24 იანვარს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე. ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება ამავე საკრებულოს ყოფილი დეპუტატისა და პარლამენტის მოქმედი წევრის, ირაკლი ზარქუას ცემა.

"2020 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოში გაერთიანებულ სხდომაზე განვითარებული კონფლიქტური სიტუაციის შემდეგ, საკრებულოს დერეფანში ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი ზარქუას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც ირაკლი ზარქუამ მიიღო დაზიანება სახის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი", - წაიკითხა ბრალის დადგენილება ლელა კალიჩენკომ, საქმის განმხილველმა მოსამართლემ.

თავად ლევან ხაბეიშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება, რაც სასამართლო სხდომაზე ასე განმარტა:

"ჩემთვის შინაარსობრივად საერთოდ გაუგებარია, რატომ ვზივარ აქ. ამ ბრალდებას, ცხადია, არ ვეთანხმები... დიახ, ამ დღეს კახი კალაძის დახმარებით, საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე ჩემი უფლებამოსილების განხორციელების დროს, თავს დამესხა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი... ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი და უკავშირდებოდა ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას - ფაქტობრივად დღეგამოშვებით ვამხელდი კორუფციაში მერს, კახი კალაძეს...

როცა ზარქუა ტელევიზიით გამოდიოდა, ამბობდა, რომ ხაბეიშვილს წაუთაქეს, რომ ხაბეიშვილი სცემეს და მისაღები მიიღო. ეს იყო საჯარო და ნახა ყველამ... ამის შემდეგ მან მიიღო პოლიტიკური დავალება, რომ მე თავად გავმხდარიყავი ბრალდებული და დავალების შესაბამისად შემოიტანა საჩივარი."

ლევან ხაბეიშვილმა ამ საქმეზე ორი წლის შემდეგ სასამართლო პროცესის განახლება, მის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის წინააღმდეგ საჯარო განცხადებებსა და "ქოლცენტრებთან" კავშირებზე საუბარს დაუკავშირა.

ორი წლის წინ, 2020 წლის 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს უმრავლესობის დეპუტატებმა სცემეს. დეპუტატებს შორის კონფლიქტი გაგრძელდა სხდომათა დარბაზის გარეთაც. პროკურატურის ინფორმაციით, ხაბეიშვილმა ზარქუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ ლევან ხაბეიშვილს უთხრა, რომ "ამნისტიის კანონით" მას უფლება აქვს გამოხატოს თანხმობა ამ სასამართლო პროცესის შეწყვეტაზე, რადგან არსებობს დაზარალებულის, ირაკლი ზარქუას თანხმობა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამ შეთავაზებას არ დასთანხმდა.

"არავის ამნისტია, შეწყალება და მოწყალება არ მჭირდება. მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს საქმის შეწყვეტა, რადგან არ არსებობს არანაირი მტკიცებულება", - თქვა ხაბეიშვილმა.

XS
SM
MD
LG