Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვთან რუსეთის სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმის მაღალი რანგის ოფიცრები დაიღუპნენ


რუსეთის განადგურებული ავტომობილები ხარკოვში, 28 თებერვალი, 2022 წელი.
რუსეთის განადგურებული ავტომობილები ხარკოვში, 28 თებერვალი, 2022 წელი.

ხარკოვის მახლობლად რუსეთის სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმის მაღალი რანგის ოფიცრები დაიღუპნენ. ვლადიმირელი სამხედროების სიკვდილის შესახებ იტყობინება „მედიაზონა“, სოციალურ ქსელებში და მედიის მიერ გავრცელებული ცნობების ანალიზის და წყაროებთან გასაუბრების საფუძველზე.

ვლადიმირში ახლახან სწრაფი რეაგირების სპეციალური, ადგილობრივი რაზმის სამი პოდპოლკოვნიკი და ერთი პოლკოვნიკი დაასაფლავეს. ამის შესახებ ადგილობრივმა მედიამ დაწერა და შემდეგ სტატიაში შესწორება შეიტანა - გვარები ამოიღეს, წერს "მედიაზონა".

5 მარტს უკრაინის ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც ასახული იყო განადგურებული რუსული ავტოკოლონა რამდენიმე სატვირთო ავტომანქანით, სავარაუდოდ, იმ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც პატიმრების გადასაყვანად იყენებს „როსგვარდია“. განადგურებული ავტომანქანების გარშემო, თოვლში ჩანდა პოლიციელების ჩაფხუტები და ფარები.

იმავე დღეს ვლადიმირელი ორი აქტივისტი, კირილ იშუტინი და კირილ ალქსეევი, პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. მათი თქმით, განიხილებოდა ვიდეოჩანაწერი: კადრებზე მათ ამოიცნეს ვლადიმირის „ომონის“ მანქანები. ალექსეევის თქმით, „დაიღუპა ყველა, ვინც ამ მანქანებით მგზავრობდა“ და პოლიციაში აქტიურად განიხილავდნენ მომხდარს, ბევრ თანამშრომელი დამწუხრებული იყო.

„მედიაზონის“ წყაროებმა დაადასტურეს სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმის დაღუპული უფროსი ოფიცრების ვინაობა. ამტკიცებენ, რომ ისინი ხარკოვთან დაიღუპნენ 3 მარტს. გამოცემის წყაროს თანახმად, სულ დაღუპულთა რიცხვი 40 იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა ძალოვანი უწყებები, რომლებიც უკრაინის ომში არიან ჩართული, აღიარებენ, რომ არის მსხვერპლი მათ რიგებში, მაგრამ არ ასახელებენ ზუსტ რიცხვებს. ბოლო ცნობა თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მარტის დასაწყისში. უწყების თანახმად, რუსეთის არმიამ დაკარგა 498 მეომარი. უკრაინის გენშტაბი იტყობინება, რომ რუსეთის არმიის დანაკარგი 15 ათას სამხედროზე მეტია. მხარეები, როგორც წესი, ომის დროს მოწინააღმდეგის დანაკარგებს აზვიადებენ ხოლმე.

რუსეთის გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდა“ 21 მარტს იტყობინებოდა 9 ათასი რუსი სამხედროს დაღუპვის შესახებ. უფრო გვიან, თვითონ გამოცემამ და თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ ეს იყო დეზინფორმაცია, რომელიც საიტზე მოხვდა მისი გატეხის შედეგად.

უკრაინის ოფიციალური პირები იტყობინებიან რუსი გენერლების დაღუპვის შესახებაც. რუსეთმა დაადასტურა მხოლოდ ანდრეი სუხოვეცკის და შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილის, პირველი რანგის კაპიტნის, ანდრეი პალიას დაღუპვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG