Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან აქციაზე ამ პარტიის 7 მხარდამჭერი დააკავეს


ქობულეთში, "ალტ-ინფოსა" და "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან გამართულ აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე და "კონსერვატიული მოძრაობის" შვიდი მხარდამჭერი დააკავა. მოქალაქეები აქციაზე უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და ქობულეთის ცენტრში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა გააპროტესტეს.

ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლაშა კომახიძე, რომელიც ამბობს, რომ ოფისიდან გამოსული პირები აქციის მონაწილეებს აგრესიულად დაუპირისპირდნენ.

"ეს აქცია ორგანიზებული იყო ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ. ქობულეთის მერიასთან უკრაინის დროშა გავშალეთ და შემდეგ მსვლელობით წავედით "ალტ-ინფოს" ოფისისკენ იმის დასაფიქსირებლად, რომ არ გაუვათ ჩვენს მუნიციპალიტეტში პუტინისტური ინტერესების გატარება. აქვე აღვნიშნავ, რომ ადგილზე მობილიზებულმა ასამდე პოლიციელმა ვერ დაგვიცვა აქციის მონაწილეები ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისგან", - უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა კომახიძემ.

"კონსერვატიული მოძრაობის" ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ილია ბენიძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, ვინ დაუპირისპირდა აქციის მონაწილეებს, ვინ დააკავეს და რა მოხდა.

"არ მაქვს ინფორმაცია, ვარკვევთ შსს-ში დაკავებულების შესახებ და იმედი მაქვს, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს", - უთხრა ილია ბენიძემ რადიო თავისუფლებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG