Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული მედია: 12 დღეა შოიგუ საჯაროდ აღარ გამოჩენილა


ფოტო არქივიდან: თავდაცვის მინისტრი შოიგუ პრეზიდენტ პუტინთან ერთად
ფოტო არქივიდან: თავდაცვის მინისტრი შოიგუ პრეზიდენტ პუტინთან ერთად

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 11 მარტის შემდეგ საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა. პირველი, ვინც ამ ფაქტს ყურადღება მიაქცია, რუსული გამოცემის, Медиазона-ს ჟურნალისტი დმიტრი ტრეშჩანინია. ამის შემდეგ, კიდევ ერთმა რუსულმა გამოცემამ, Агентство-მ შოიგუს ბოლოდროინდელ აქტივობებს გადახედა.

გამოცემის თანახმად, რუსეთის თავდაცვის მინისტრი საინფორმაციო გამოშვებებში ბოლოს გამოჩნდა 11 მარტს, როცა სამინისტრო იუწყებოდა შოიგუს და თურქეთის თავდაცვის მინისტრის სატელეფონო საუბრის შესახებ და იმავე დღეს გაავრცელა ვიდეოც, რომლის თანახმად, შოიგუ ერთ-ერთ ჰოსპიტალში აჯილდოებს „უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილე სამხედროებს.

18 მარტს, კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი შეხვდა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, მათ შორის შოიგუს, თუმცა, შესაბამისი ვიდეო, ან ფოტომასალა არ გამოუქვეყნებია. იმავე დღეს, რუსეთის პირველმა არხმა აჩვენა სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ აჯილდოებს 18 მარტს, თავდაცვის მინისტრი სამხედროებს, თუმცა, კადრები ემთხვეოდა თავდაცვის სამინისტროს მიერ 11 მარტს გავრცელებულ ვიდეოს.

Агентство-ს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ნაცნობმა უთხრა, რომ სერგეი შოიგუს გულის პრობლემები აქვს. გამოცემა, რომელმაც თავდაცვის სამინისტროსგან კომენტარის მიღება ვერ შეძლო, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 11 მარტამდე შოიგუ საჯარო სივრცეში აქტიურად, დღეში რამდენჯერმეც ჩნდებოდა. რუსული გამოცემა იმასაც წერს, რომ 11 მარტის შემდეგ, საინფორმაციო სივრცეში აღარ ჩანს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვიც.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

უკრაინის და დასავლეთის სპეცსამსახურების თანახმად, პრაქტიკულად წარუმატებელი საომარი მოქმედებებისას რუსეთს საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვს, რასაც ოფიციალურად არ აღიარებს. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ უახლოეს ხანში რუსეთში დაიწყებენ განტევების ვაცის ძებნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG