Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სამიტზე შეათანხმებენ საქართველოს დახმარებას „რუსეთის ზეწოლის“ ფონზე


ნატოს 24 მარტის სამიტზე ალიანსის წევრები შეათანხმებენ საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენას „რუსეთის ზეწოლის“ ფონზე. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ასევე მოველი, რომ შევათანხმებთ დახმარებას ყველა პარტნიორთან, რომელსაც საფრთხე ემუქრება რუსეთის ზეწოლის გამო, მათ შორის საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას,“ თქვა სტოლტენბერგმა.

„ევროკავშირთან თანამშრომლობით უნდა დავეხმაროთ ასეთ ქვეყნებს, დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და უფლება, თავად გააკეთონ დამოუკიდებელი არჩევანი,“ დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

თავის გამოსვლაში სტოლტენბერგმა ილაპარაკა უკრაინის კრიზისზე და ნატოს მზადყოფნაზე, შემდგომი დახმარება გაუწიოს კიევს.

ამასთან მან კვლავ გაიმერა, რომ ნატო უკრაინაში არ გაგზავნის ჯარებს, მაგრამ ამავე დროს გააძლიერებს კიევის დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო არ ჩაკეტავს უკრაინის ცას, რასაც მისგან ითხოვს უკრაინის ხელისუფლება. მისი თქმით, ეს გამოიწვევს რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაბმას და შეიქმნება საფრთხე, რომ მიმდინარე კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის ბირთვულ ომში გადაიზარდოს.

სტოლტენბერგმა ილაპარაკა ასევე იმ ზომებზე, რომლებსაც უახლოეს მომავალში იღებს ნატო უკრაინის კრიზისის საპასუხოდ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ნატო აძლიერებს ალიანსის წევრი ქვეყნების დაცვას. ევროპაში ნატოს ასიათასობით ჯარისკაცს ემატება ოთხი ახალი ტაქტიკური ჯგუფი. ამას 24 მარტს განიხილავენ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე, განაცხადა სტოლტენბერგმა.

„ხვალინდელ სამიტზე დამატებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ. მოველი, რომ ლიდერები ყველა სფეროში შეძლებენ ნატოს პოზიციის გაძლიერებას აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენი ძალების სერიოზული გაძლიერებით ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში,“ თქვა სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG