აშშ-ის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ჯარებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში შეჭრის განმავლობაში, განაცხადა 23 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
„დღეს შემიძლია გამოვაცხადო, რომ ამჟამად ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით აშშ-ის მთავრობამ დაადგინა, რომ რუსეთის ჯარების წევრებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში,“ თქვა ბლინკენმა.
„ჩვენი შეფასება ემყარება ხელმისაწვდომი საჯარო და სადაზვერვო ინფორმაციის გულდასმით შესწავლას,“ თქვა ბლინკენმა. „როგორც ნებისმიერი სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაში, საბოლოოდ სასამართლოა პასუხისმგებელი კონკრეტულ შემთხვევებში სისხლის სამართლის დანაშაულის დადგენისთვის,“ თქვა მან.
ჩვეულებრივ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განიხილავს სავარაუდო ომის დანაშაულებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 16 მარტს ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ომის დამნაშავე“ უწოდა, რასაც მოსკოვის რისხვა მოჰყვა.
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა 21 მარტს რუსეთის ჯარებს ბრალად დასდეს სისხლიანი ინტერვენციის მსვლელობისას ომის დანაშაულების ჩადენაში, ევროპელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე გამოიყენეს ეს ტერმინი რუსეთის მოქმედებების აღსაწერად. თავად ბლინკენმაც ახლახან „ომის დანაშაულები“ უწოდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშებს, მაგრამ ეს აშშ-ის მთავრობის პირველი ოფიციალური განცხადებაა, რომელშიც დეკლარირებულია მისი შეფასება. განცხადების სათაურია: „რუსეთის ჯარების მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები“.