Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ელჩი: იმედი გვაქვს, საქართველოში არ შეიქმნება "შავი ხვრელები" რუსეთის სანქციებისთვის


საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი იმედს გამოთქვამს, რომ, უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, საქართველო, ტაჯიკეთის მსგავსად, არ გადაიქცევა "შავ ხვრელად" ბიზნესის საწარმოებლად. ამის შესახებ ელჩმა პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებთან მიმართვისას ისაუბრა.

"კარგად გვესმის, რომ საქართველო გრძნობს თავის მოწყვლადობას და მხედველობაში იღებს ფრთხილ ქმედებებს. ამ ეტაპამდე ვხედავთ, რომ საქართველო თავისი სიტყვებითა და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, რომ ამ კოლექტიურ ძალისხმევაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს. ასევე დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გადაიქცეს ბიზნესის საწარმოებლად "შავი ხვრელის" ადგილად, როგორიც არის ტაჯიკეთი. ამაზე გვქონდა საუბარი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან", - განაცხადა დიეგო კოლასმა.

მისი თქმით, საქართველომ კარგად იცის, რომ რუსეთი არ სცემს პატივს არცერთი ქვეყნის სუვერენიტეტს და არსებულ საზღვრებს.

"სანქციებმა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში. წინა წლებში სანქციები მოიცავდა ვიზებზე შეზღუდვას, მობილობის შეზღუდვას, დღეს სანქციები განსხვავებული კონოტაციით გამოიყენება - ეს არის ეკონომიკური ინსტრუმენტები, რომლებმაც ზეგავლენა უნდა მოახდინოს რუსეთის ქმედებასა და ეკონომიკაზე", - თქვა მან.

ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა.

დღეს, 24 მარტს, რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვე გადის. ამ დროის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში დაბომბა საავადმყოფოები, სამშობიარო, საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო დაწესებულებები.

ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და სხვა ქვეყნები რუსეთს შესაჩერებლად სანქციებს უწესებენ, საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესების" გამო არ დაუწესებს სანქციებს. ამავდროულად, არ იცვლება რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის წესი. ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში დარჩა რუსეთის 12 ათასი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG