Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის სახელმწიფო დუმას და მის დეპუტატთა კორპუსს


სახელმწიფო დუმის სესია
სახელმწიფო დუმის სესია

ხუთშაბათს შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ფართომასშტაბიან სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით.

სანქციების სიაში შედიან რუსეთის სახელმწიფო სათათბირო, როგორც ინსტიტუტი და ასევე 328 დეპუტატი.

ასევე სიაში, სხვათა შორის, არიან ბანკ „სბერბანკის“ ხელმძღვანელი გერმან გრეფი, მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს მეუღლე, ასევე რუსეთის თავდაცვის საწარმოების ხელმძღვანელები და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული რამდენიმე ათეული კომპანია.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკისა და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს და უკრაინას უწევენ სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.

ამის პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა, „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შემავალ სახელმწიფოებს გაზის საფასურის გადახდა რუბლებით დაუწესდეს. სააგენტო „ტასის“ თანახმად, ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მივიღე გადაწყვეტილება, უმოკლეს დროში მოხდეს რეალიზაცია ზომების კომპლექსისა რუბლებზე ანგარიშსწორების გადასაყვანად - ამით დავიწყოთ - ჩვენი ბუნებრივი აირისთვის, რომელიც მიეწოდებათ ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებს“, - თქვა პუტინმა.

XS
SM
MD
LG