Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი დასავლეთის მადლობელია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისთვის, მაგრამ მიიჩნევს, რომ „ცოტა გვიან არის“

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან უკვე მეორე თვე დაიწყო, ბრძოლები გრძელდება, დასავლელმა მოკავშირეებმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები კვლავ გააძლიერეს და კიევს მეტ სამხედრო მხარდაჭერას და დახმარებას დაჰპირდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნატოს და ევროკავშირს უკრაინის მხარდაჭერის, თანამშრომლობისა და სანქციების დაწესებაში ერთიანობისთვის, თუმცა სინანული გამოთქვა, რომ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა უფრო ადრე - ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ შეიძლებოდა რუსეთს უკრაინაში შეჭრა კიდევ აეწონ-დაეწონა.

ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ წევრები დღემდე უპრეცედენტო ორმაგ სამიტზე შეიკრიბნენ და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებსა და დამატებითი დახმარების შესახებ გამოაცხადეს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც უკრაინას მილიარდ დოლარიანი დახმარება აღუთქვა, 25 მარტს, პოლონეთში გამგზავრებამდე ევროკომისიის თავმჯდომარეს, ურზულა ფონ დეო ლაიენს ხვდება. პოლონეთში ბაიდენი მასპინძლებთან ენერგიის და ლტოლვილების საკითხებზე მოილაპარაკებს, ჩავა ასევე პოლონეთ-უკრაინის საზღვრიდან 80 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჟეშუვში.

უკრაინას იმედი აქვს, რომ მოხერხდება ქალაქ მარიუპოლიდან მოსახლეობის გაყვანა უსაფრთხო დერეფნით, კერძო ავტომანქანების საშუალებით, გამოაცხადა პრემიერის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკმა. უკრაინელი სამხედროები ფრონტიდან იტყობინებიან, რომ რუსი ჯარისკაცები განდევნეს კიევის გარშემო ზოგიერთი არეალიდან და აცხადებენ, რომ მარიუპოლთან აზოვის ზღვაში დრეიფზე მდგომი რუსულ გემზე წარმატებით მიიტანეს იერიში.

XS
SM
MD
LG