Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერაშჩენკოს ინფორმაციით, შოიგუს ინფარქტი დაემართა


ვლადიმირ პუტინი, სერგეი შოიგუ.
ვლადიმირ პუტინი, სერგეი შოიგუ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა. სწორედ, ამას ასახელებს გერაშჩენკო ბოლო დროს შოიგუს გაუჩინარების მიზეზად.

მინისტრის მრჩეველი „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ შოიგუმ ინფარქტი პუტინისგან მკაცრი საყვედურის შემდგომ მიიღო, რომელიც უკავშირდებოდა უკრაინაში შეჭრის ჩავარდნას.

გერაშჩენკოს ცნობით, ამჟამად შოიგუ რეაბილიტაციას გადის მთავრ სამხედრო კლინიკურ ჰოსპიტალში.

სერგეი შოიგუ 11 მარტის შემდეგ საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა. 24 მარტს ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს დმიტრი პესკოვს ჰკითხეს, სად იმყოფება შოიგუ, რომელიც დიდი ხანია საჯაროდ აღარ გამოჩენილა და როგორ გრძნობს თავს. პუტინის პრესმდივნის პასუხი იყო, რომ მინისტრს „ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს, მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია და მედიით აქტიურობის დრო არ არის“.

რაც შეეხება რუსული გამოცემის, „აგენტსტვო“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სერგეი შოიგუს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, პესკოვმა ჟურნალისტებს ურჩია, არ უსმინონ „აგენტსტვო“-ს და თავდაცვის სამინისტროს მიმართონ.

მედიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ შოიგუ არ ესწრებოდა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს სხდომას, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით დიასტანციურად ჩატარდა. მათი აზრით, 24 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოში შოიუგუს კადრი დამონტაჟებული იყო.

რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში დაბომბა საავადმყოფოები, სამშობიარო, საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო დაწესებულებები.

ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და სხვა ქვეყნები რუსეთს შესაჩერებლად სანქციებს უწესებენ, საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესების" გამო არ დაუწესებს სანქციებს. ამავდროულად, არ იცვლება რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის წესი. ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში დარჩა რუსეთის 12 ათასი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG