შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტის დასასრულს წარმოთქმულ მნიშვნელოვან სიტყვაში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა არის აშკარა გამოცდა მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნებისთვის. მან რუსეთის უკრაინის ჯარების წინააღმდეგობას უწოდა „დიადი ბრძოლა თავისუფლებისთვის“.
ბაიდენმა რამდენჯერმე ახსენა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მან გაკიცხა რუსეთის პრეზიდენტი იმისთვის, რომ ის უკრაინაში შეჭრამდე მიმდინარე დიპლომატიურ მცდელობებს ინდიფერენტიზმითა და „ტყუილებით“ ხვდებოდა. ბაიდენი ასევე პირველად გამოვიდა მოწოდებით, რომ პუტინი ვერ დარჩება ხელისუფლებაში. „არ შეიძლება ამ ადამიანის ხელისუფლებაში დარჩენა,“ თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა 26 მარტს ვარშავის სამეფო სასახლეში წარმოთქმული სიტყვის დასასრულს.
თავის გამოსვლაში ბაიდენმა მოუწოდა ევროპელებს, რომ მოემზადონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ხანგრძლივი ბრძოლისთვის.
„ბრძოლაში ფხიზლად უნდა ვიყოთ. ამ ბრძოლის მოგება არ შეიძლება რამდენიმე დღეში, არც რამდენიმე თვეში,“ თქვა ბაიდენმა და დასძინა: „ეს არ იქნება იოლი. მოგვიწევს საფასურის გადახდა.“
მისი თქმით, უკრაინაში პუტინის შეჭრა „ომის ათწლეულების“ საფრთხეს ქმნის.
ბაიდენი უკრაინელ ხალხს დაჰპირდა, რომ მომავალშიც დაეხმარება მათ. „ჩვენ თქვენ გვერდით ვართ,“ თქვა მან და დასძინა, რომ რუსეთი დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძვის საკუთარ ქვეყანაში და ასევე საფრთხეს უქმნის თავის მეზობლებს.
ბაიდენის თქმით, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრამ კიდევ უფრო შეაკავშირა ნატო და დემოკრატიული სამყარო. მისი სიტყვებით, პუტინმა ამით მიაღწია სწორედ იმას, რის წინააღმდეგაც იბრძოდა.
თავის სიტყვაში აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო თავდაცვით ფუნქციას ასრულებს და არასოდეს ცდილა რუსეთის საზღვრის დარღვევას. მან გააფრთხილა რუსეთი, რომ ალიანსი უმკაცრეს ზომებს მიიღებს, თუკი მისი წევრი ქვეყნების ტერიტორიის ერთ გოჯზსაც კი ხელყოფს მოსკოვი.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დღეს კიდევ უფრო აშკარა გახდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ იყოს დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე. ის გამოვიდა მოწოდებით, რაც შეიძლება უფრო დაჩქარდეს განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა.
დღესვე ბაიდენი შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას. მათ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, როგორც თეთრი სახლი იტყობინება, მხარეებმა განიხილეს რუსეთის ენერგომატარებლებზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები.
დუდასთან შეხვედრამდე ბაიდენმა მოლაპარაკება გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან, რომლებიც კიევიდან ვარშავაში ჩავიდნენ.
შაბათსვე ბაიდენი პოლონეთში შეხვდა უკრაინელ ლტოლვილებს. შეხვედრაზე მან რუსეთის პრეზიდენტს „ყასაბი“ უწოდა.
ბაიდენი პოლონეთში 25 მარტს ჩავიდა ბრიუსელიდან, სადაც მონაწილეობა მიიღო ნატოსა და „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტებში. მან ასევე მოლაპარაკებები გამართა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან. აშშ-ის პრეზიდენტმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადეს სამუშაო ჯგუფის შექმნის გეგმაზე, რომელიც რუსეთის ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებაზე იმუშავებს.