პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დილით „უკანონოდ დააკავა“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი - პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე წალენჯიხის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გელა აბულაძე.
პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. დეპუტატის დაკავების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ შეიტყვეს წალენჯიხის საკრებულოშიც.
როგორც რადიო თავისუფლებას წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარემ, კორნელი სალიამ განუცხადა, გელა აბულაძე წალენჯიხაში საკუთარ სახლთან დილით დააკავეს. კორნელი სალიას ცნობით, გელა აბულაძეს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ედავება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უკანონო მითვისებას, რადგან, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვით ადრე, სწორედ ამ საკითხზე იყო დაბარებული გამოკითხვაზე.
„ბრალდება, როგორც ვიცი, ეხება 2017 წელს, თითქოს, მის მიერ სახელმწიფო მიწის მითვისებას. მას 2017 წელს აქვს დარეგისტრირებული სახელმწიფოსგან მიწა. იმ პერიოდში ის იყო რიგითი მეწარმე“, - ამბობს კორნელი სალია.
მისივე განმარტებით, სხვა დეტალები საქმესთან დაკავშირებით ამ დროისთვის უცნობია.
პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივნის ბერდია სიჭინავას განცხადებით, გელა აბულაძის დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა:
„შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საქმეზე გამოძიება წინასაარჩევნოდ წამოიწყო გელა აბულაძესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის განსახორციელებლად, რაც ვერ შეძლეს და რაზეც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს არაერთხელ გვისაუბრია. „ოცნების“ ხელისუფლება ვერ ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და ცდილობს პოლიტიკური მოცემულობის და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით, მუნიციპალიტეტების საბოტაჟით და ა.შ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ მუნიციპალიტეტში ჩვენი სიით გასული საკრებულოს ერთ-ერთი წევრი არჩევნებიდან მალევე მოისყიდეს და გადაიბირეს. იმ ფონზე, როდესაც რეგიონში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული და დანაშაულებრივი ომის პირობებში, ოკუპირებული ქვეყანა, უსაფრთხოების კონტექსტში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, “ოცნება” იცლის პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად და მოქალაქეთა მიერ 2021 წელს დაფიქსირებული არჩევნების შედეგების უკანონოდ შესაცვლელად, რაც ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს ნამდვილად არ უწყობს ხელს. P.S შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებას დღემდე არ გამოუძიებია მამის საფლავზე მისულ, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ლიდერზე - მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე ფიზიკური თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღით მუქარის ფაქტი“, - წერს ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში.
გელა აბულაძის დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, გელა აბულაძე დააკავეს "წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე".
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებზე და ნათესავებზე, საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა. თითქოსდა მათზე საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის მიზნით, გაცემული იყო ე.წ. „ლეციმინტიეს“ უბანში მდებარე ფერმის და მის მომიჯნავედ არსებული ტერიტორია. მისი თხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრის მიერ მითითებული პირების სახელზე შეადგინა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით, თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისიტრირეს 406 250 ლარის ღირებულების 100 083 კვ.მ. 9 მიწის ნაკვეთი", - ნათქვამია სუსის განცხადებაში.
უწყების თანახმად, ბრალდება ასევე წარედგინება ყველა ჩამოთვლილ პირს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს და აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.