Accessibility links

site logo site logo

მკვლელობამდე ნემცოვს უშიშროების ის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, რომლებიც მანამდე ნავალნის „დასდევდნენ“


The Insider-ის, Bellingcat-ისა და ბი-ბი-სის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ბორის ნემცოვს მკვლელობამდე ერთი წლის განმავლობაში უშიშროების ფედერალური სამსახური აკვირდებოდა. სავარაუდოდ, ისინი სხვა ოპოზიციონერების: ალექსეი ნავალნის, ვლადიმირ კარა-მურზასა და დმიტრი ბიკოვის თავდასხმებთანაც არიან დაკავშირებული.

ნემცოვის თვალთვალი მას მერე დაიწყო, რაც მან აქტიურად მიჰყო ხელი სანქციების გაზრდის ლობირებას ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ. დასრულდა 21 თებერვალს, პოლიტიკოსის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე. გამოძიებაში ნათქვამია, რომ ბოლო მგზავრობისას მას თან უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელები აღარ ახლდნენ.

ბილეთების ჯავშნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნემცოვს მინიმუმ სამი აგენტი დასდევდა: ვალერი სუხარევი, დმიტრი სუხინინი და ალექსეი კრივოშეკოვი.

ვალერი სუხარევისა და ნიკოლაი კრივოშეკოვის სახელები Bellingcat-ის წინა გამოძიებაშიც გვხვდება, რომელიც ალექსეი ნავალნისა და ნემცოვის თანამებრძოლის ვლადიმირ კარა-მურზას, ასევე პოეტისა და ჟურნალისტის დმიტრი ბიკოვის მოწამვლას ეხება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პიროვნება ვალერი სუხარევის პასპორტით, ბორის ნემცოვს რუსეთში სულ მცირე 13 მგზავრობისას ახლდა თან. ნემცოვი ძირითადად მატარებლით დადიოდა - მოსკოვიდან (სადაც ცხოვრობდა) იაროსლავლში, სადაც საოლქო დუმის დეპუტატი იყო. სულ მცირე ერთხელ სუხარევს შეუერთდა ალექსეი კრივოშეკოვიც, რომელიც სავარაუდოდ ასევე აგენტია. უკანასკნელად სუხარევი ნემცოვს 2015 წლის 17 თებერვალს უთვალთვალებდა, მკვლელობამდე სულ რაღაც 10 დღით ადრე.

გამოძიების ავტორები მიიჩნევენ, რომ სუხარევი შესაძლოა მუშაობს უფს-ის კონსტიტუციური წყობის დაცვის სამსახურში. სხვა თანამშრომლები კი უფს-ის კრიმინალისტიკის ინსტიტუტთან არის დაკავშირებული, როგორც ყოფილი საბჭოთა მზვერავები ამტკიცებენ, იქ საწამლავების საიდუმლო ლაბორატორიაა.

ნავალნის შემთხვევაში სუხარევი ფიზიკურ დევნაში არ მონაწილეობდა, მაგრამ მობილური ტელეფონების ბილინგების მონაცემებიდან ირკვევა, რომ ის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებთან და ასევე უფრო მაღალი თანამდებობის პირებთან იყო კავშირზე. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ სუხარევმა და ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს 150-ჯერ დაურეკეს ან წერილი გაუგზავნეს.

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის მთავრობას არაფერი აქვს საერთო გამოძიებაში ასახულთან. „ეს მორიგი სატყუარაა“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

უფს-ში ბი-ბი-სის შეკითხვებს არ უპასუხეს.

  • 2014 წელს ბორის ნემცოვი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი მშვიდობის მარშებისა, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასაპროტესტებლად ეწყობოდა.
  • 2014 წლის 20 მარტს აშშ-მ გამოაქვეყნა დამატებითი სანქციების სია, რომელშიც სხვებთან ერთად შევიდნენ სახელმწიფო დუმის მაშინდელი თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ სერგუნი; რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი ვლადიმირ იაკუნინი; ვიქტორ ივანოვი, რომელიც რუსეთის ფედერალური სამსახურის დირექტორია ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის კუთხით; ასევე, ბიზნესმენები: იური კოვალჩუკი, არკადი და ბორის როტენბერგები, გენადი ტიმჩენკო, რომლებსაც „პუტინის საფულეს“ ეძახდნენ. ამ ყველაფრიდან ორი თვის შემდეგ ნემცოვს უფს-ის თანამშრომლები უთვალთვალებენ.
  • ბორის ნემცოვი მოსკოვში, 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს. პოლიტიკოსის მკვლელობაში ბრალდებული იყო ჩეჩნეთის 5 მკვიდრი, მათ შორის ერთი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ოფიცერი. ნემცოვის მომხრეები არ მიიჩნევენ, რომ საქმე გამოძიებულია, რადგან არ გარკვეულა, თუ ვინ დაუკვეთა მკვლელობა. ისინი პასუხისმგებლობას ვლადიმირ პუტინს აკისრებენ.
  • 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს ალექსეი ნავალნი. ის გადარჩა (ისევე, როგორც სავარაუდოდ მოწამლული ბიკოვი და კარა-მურზა). გამოძიების თანახმად, მოწამვლაში უფს მონაწილეობდა. სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG