Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ბიუჯეტის ახალ პროექტში თავდაცვის სარეკორდო ხარჯები - 813 მილიარდი დოლარია შეტანილი


აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ წარადგინა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც დაგეგმილია სამხედრო ხარჯების სარეკორდო რაოდენობა - 813 მილიარდი დოლარი.

გაზრდილი ხარჯების არსებითი ნაწილი, გეგმით, გათვალისწინებულია ჩინეთის მხრიდან მუქარის საპასუხოდ. ნატოს გაძლიერებას, ევროპაში ყოფნის გაზრდას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას მოხმარდება 7 მილიარდი დოლარი, წერია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

პროექტის თანახმად, ბიუჯეტის დეფიციტი აღწევს 1,15 ტრილიონ დოლარს. ეს ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს და თითქმის სამჯერ - ვიდრე 2020 წელს, როცა დეფიციტი ძალიან გაიზარდა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო.

ფედერალური ხარჯებისთვის დაგეგმილია გამოიყოს 5,8 ტრილიონი დოლარი, მასში შედის 773 მილიარდი არმიის პირდაპირი დაფინანსებისთვის, ხოლო 915 მილიარდი - საშინაო პროგრამებისთვის, იტყობინება „ამერიკის ხმა.“

დოკუმენტით გათვალისწინებულია წლიური დეფიციტის ტრილიონ დოლარზე მეტით შემცირება მომავალი ათი წლისთვის. ეს მიიღწევა, ამ გეგმის თანახმად, მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდით.

დაგეგმილი სამხედრო ბიუჯეტი უკვე გახდა რესპუბლიკელების და ბაიდენის დემოკრატიული პარტიის ე.წ. პროგრესული, ულტრამემარცხენე ფრთის მხრიდან კრიტიკის საგანი. სენატში რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერი, მიტჩ მაკკონელი მიიჩნევს, რომ თავდაცვის ხარჯები ძალიან დაბლია, ხოლო პროგრესიული დემოკრატები ფიქრობენ, რომ იგი ძალიან მაღლია.

დემოკრატების აზრით, ავღანეთში ომის დასრულების შემდეგ სამხედრო ხარჯების გაზრდა „უბრალოდ მიუღებელია.“ „როცა ფედერალურ ბიუჯეტში ათწლეულების განმავლობაში მუშათა ოჯახებისთვის დახარჯულ თითოეულ ცენტს ითვლიან, პენტაგონის ხარჯები ფეთქებადი ტემპებით იზრდება“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG