Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენმა მამაომ ნება არ მოგვცა“ - რატომ თქვეს უარი ახალგაზრდებმა კოვიდ-ვაქცინაციაზე?


რატომ ამბობენ საქართველოში ახალგაზრდები უარს კოვიდ-ვაქცინაციაზე? ამ კითხვაზე მათ პასუხების ვრცელი ჩამონათვალი აქვთ. ვაქცინასთან დაკავშირებული ახალგაზრდების განწყობები იკვლია გაეროს მოსახლეობის ფონდმა. კვლევის შედეგებმა კი აჩვენა, რომ აცრის მოწინააღმდეგეთა თუ სკეპტიკურად განწყობილი ახალგაზრდების უმრავლესობა კოვიდ-პანდემიის ორი წლის თავზეც, ინფორმაციის ნაკლებობისა და მითების გავლენის ქვეშა არიან მოქცეულნი. ეს კი უმეტესწილად გამოწვეულია არასწორი და არათანმიმდევრული საინფორმაციო კამპანიითა და პირდაპირი კომუნიკაციის ძალიან დაბალი მაჩვენებლით.

2022 წლის იანვრის მონაცემებით, 18–19 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 35% და 20-29 წლის ახალგაზრდების 38%-ია ორჯერადად აცრილი, რაც უკიდურესად დაბალ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს იმ პირობებში, როდესაც კოვიდ-პანდემიის დასრულების მთავარ გზად მოსახლეობის მაქსიმალური უმრავლესობის აცრა მოიაზრება.

აღმოჩნდა, რომ შეთქმულების თეორიებმა საქართველოში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესზე ახალგაზრდებში. ამ მითებს შორის კი დაწინაურებულია ერთი მთავარი მითი - თუ ავიცრები, შვილი აღარ მეყოლება - ანუ, მითი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

გარდა მითებისა, ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში კვლავ ეჭვი ეპარებათ.

ერთ-ერთ გამოწვევად რჩება სოფლად მცხოვრებთათვის და ეროვნული უმცირესობებისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. ინფორმაციის ნაკლებობა ნოყიერი ნიადაგია იქ მითების გასავრცელებლად.

გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევაში, საქართველოს მასშტაბით, მონაწილეობა მიიღო 439-მა ადამიანმა, მათ შორის, ეთნიკურმა უმცირესობებმა. რესპონდენტთა მცირე ნაწილი, კვლევაში მონაწილეობდა ფოკუსჯგუფებში დისკუსიის მეთოდით. 18-29 წლის 342-მა ახალგაზრდამ კი ელექტრონული კითხვარი შეავსო. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 11-მა მშობელმაც.

ვინ როგორ მიიღო ან არ მიიღო აცრის გადაწყვეტილება?

გამოკითხულთა 28.4%-მა ვაქცინაციის მოტივატორად დაასახელა ხელმისაწვდომი ინფორმაცია, სტატისტიკური მონაცემები, სანდო წყაროები. 12.9%-მა კი სოციალური გარემო და მეგობრები.

აცრისგან თავშეკავების ძირითად მიზეზად სახელდება არგუმენტირებული ინფორმაციის ნაკლებობა. მაგალითად, რა სარგებელი მოაქვს ვაქცინას, გარდა იმისა, რომ ლეტალობა ნაკლებია ინფიცირების შემთხვევაში?

გამოკითხვაში მონაწილეები კითხულობენ:

„რატომ არის სხვადასხვა ვაქცინა ჩვენთან, რატომ არ არის ერთი ყველასთვის?“

„ვაქცინირებულებშიც მიდის რთულად კოვიდი და გარდაცვლილებიც არიან. აუცრელ ხალხსაც მარტივად გადააქვს კოვიდი, როგორც აცრილებს და, აი, რატომ უნდა გავიკეთო ვაქცინა, რომელიც არ ვიცი, რას იწვევს?“

რესპონდენტები ვაქცინაციისგან თავშეკავების მიზეზად, სანდო ინფორმაციის ნაკლებობასთან ერთად, ასახელებენ ვაქცინის შესაძლო გვერდით მოვლენებსა და „სწრაფად შექმნას“, მათი მეოთხედი კი მიზეზებს შორის მიუთითებს ვაქცინით გამოწვეულ უნაყოფობასა და სიკვდილსაც.

გამოკვლევის ავტორები ამბობენ, რომ განსხვავებულია დამოკიდებულებები ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში. მაგალითად, სომხურენოვან მოსახლეობაში ვაქცინაციის არჩევანი დიდწილად დამოკიდებულია ოჯახის განწყობებზე;

„მშობლები წინააღმდეგნი არიან და ჩვენც არ ვიცრებით“.

მაშინ, როდესაც აზერბაიჯანულ ენაზე მოლაპარაკე ახალგაზრდებში ოჯახისა და რელიგიური ლიდერების გავლენა ნაკლებია.

„თქვენთან, ქართველებში, ეკლესიის გავლენა დიდია და ახალგაზრდებიც მორწმუნეები არიან, მრევლში არიან. ჩვენთან ასე არ არის. მოლებს არ აქვთ ასეთი გავლენა, სათემო ლიდერებს უფრო აქვთ“.

აღმოჩნდა, რომ სოციალურმა გარემოცვამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ახალგაზრდებში ვაქცინაციის გადაწყვეტილების მიღებისა თუ მასზე უარის თქმისას.

აი, რას ამბობენ ისინი:

„ჩემი მეგობრები აიცრნენ და რომ ვნახე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მეც მომემატა თავდაჯერებულობა“.

„ჩემი მშობლები სარისკო ჯგუფს მიეკუთვნებიან და არ მინდოდა, მათთვის რამე მიმეტანა, ამიტომ, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდა ვაქცინები, ავიცერი“.

გამოკვლევამ აჩვენა ისიც, რომ ახალგაზრდებმა, რომლებმაც ვირუსსა და ვაქცინაციაზე ინფორმაცია საერთაშორისო წყაროებიდან მოიძიეს, მეტი თავდაჯერებულობით მიიღეს აცრის გადაწყვეტილება.

რესპონდენტები იმასაც ამბობენ, რომ მართალია, ინფორმაცია კოვიდ-ვაქცინების შესახებ ხელმისაწვდომია, თუმცა მისი აღქმა მარტივი არ არის: „ერთი მხრივ, არსებობს ენობრივი ბარიერი, ვინაიდან, ძირითადად, ინფორმაცია ინგლისურ ენაზეა, მეორე მხრივ კი ის რთული ენით წერია და, თუ მედიცინაში ვერ ერკვევი, რთულია აღქმა და ეს მაშინ, როდესაც ყალბი ინფორმაცია (fake news) მარტივი და გასაგები ენით იწერება და ხალხზე მოქმედებს“.

ამ კუთხით, განსაკუთრებით დიდია გამოწვევა რეგიონებისა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში, თუმცა აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში, ვაქცინაციის გადაწყვეტილების მიღებისას, ისევ და ისევ ადამიანურმა ფაქტორმა იმუშავა. ფოკუსჯგუფების მონაწილეთა თქმით, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებმა შედეგი გამოიღო:

„სკოლის მასწავლებლები აიცრნენ მას შემდეგ, რაც ბიძინა კულუმბეგოვი ჩამოვიდა და მათ ესაუბრა“, - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.

ზუსტად ერთი წლის წინ, ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ახალგაზრდა მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებამ, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ახალგაზრდებში ვაქცინაციის პროცესის შეფერხებაზე.

„მედდის გარდაცვალებამ და შემდეგ ამ შემთხვევის გაშუქებამ ყველას თავდაჯერებულობა შეარყია და საერთოდ, ვაქცინაციის პროცესი დააზარალა. გამოვიდა, რომ ადამიანი ვაქცინამ მოკლა“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.

მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინის მიღებიდან რამდენიმე წუთში დამძიმდა, ხოლო მეორე დღეს ის გარდაიცვალა, ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური სამედიცინო დასკვნა იმის შესახებ, რომ ქალის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინა იყო. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

ეკლესია, როგორც გავლენის მექანიზმი

გამოკითხული რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ ადამიანთა მოტივაციაზე დიდი გავლენა აქვს ეკლესიისა და სასულიერო პირების პოზიციასაც.

„ჩემი მეგობრის მშობლები იმიტომ არ აიცრნენ, რომ ჩვენმა მამაომ ნებართვა არ მოგვცა“.

„პატრიარქის ვაქცინაციას უდიდესი გავლენა ექნებოდა და ბევრ რამეს შეცვლიდა“, - ამბობენ რესპონდენტები.

საინფორმაციო წყაროები და მათი გავლენა

ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მიღებას გამოკითხული რესპონდენტების 36.6% სოციალური მედიის საშუალებით ცდილობს. მეორე ადგილზე დგას პირადი საუბრები - 15,5%; შემდეგ, 14%-ით სოციალური აპლიკაციები (Facebook, Twitter, Pinterest, Instagram და ა.შ.) და ბოლოს - ტელევიზია - 10.8%.

ახალგაზრდები, რომლებიც სამედიცინო ფაკულტეტებზე სწავლობენ ან/და ინგლისურ ენას ფლობენ, ვაქცინაციაზე ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ვებგვერდებს (WHO, FDA) და Google-საც.

არავაქცინირებული ახალგაზრდები მათთვის პრიორიტეტულ საინფორმაციო არხებს შორის ასევე ასახელებენ ექიმებს:

„მათ თქვეს, რო ვაქცინისა და აცრის გატესტვას სჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, ეს პერიოდი კი ამ ვაქცინებს არ გაუვლიათ“.

რაც შეეხება სოციალურ მედიაზე საუბრისას, ისინი ამბობენ:

„იმიტომ, რომ ტელევიზიები არ აშუქებენ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას“;

„არ აშუქებენ არცერთ ანტივაქსერულ გამოსვლას. ეს კიდევ დიდ ეჭვს მიჩენს და, ამავდროულად, მიმყარებს ჩემს არგუმენტებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით“.

გამოკითხული რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი, ინფორმაციის მოსაძიებლად ყველაზე ხშირად Facebook-ს იყენებს. ისინი ამბობენ, რომ ამ ქსელში თავმოყრილია მათთვის საინტერესო ყველა საინფორმაციო წყარო და უფრო ვრცელი ცნობების მისაღებად, შეუძლიათ შესაბამის ბმულებზე გადასვლა.

მაგალითად, თბილისის ფოკუსჯგუფის მონაწილეთა თანახმად, ვაქცინაციაზე ინფორმაცია უხვად ვრცელდებოდა, მათ შორის, „ფორმულასა“ და „რადიო თავისუფლების“ პოსტებით.

ისინი ასევე თვალყურს ადევნებდნენ ექიმების ფეისბუკ პოსტებს. მათ შორის: ბიძინა კულუმბეგოვს, ზურაბ გურულს, ამირან გამყრელიძეს, ნანა გეგეჭკორსა და თამარ ჟამურაშვილს.

კითხვაზე, თუ რამდენად დაბალანსებულია ქართული საინფორმაციო სივრცე და ის არხები, რომლებსაც მონაწილეები ინფორმაციის წყაროდ იყენებენ, უმრავლესობა ამბობს, რომ მალევე მოხდა საკითხის პოლიტიზება - „პანდემიაც და ვაქცინაციაც პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ თემად იქცა“.

გამოკითხულმა მშობლებმა თქვეს, რომ ინფორმაცია დაბალანსებულია მაშინ, როდესაც ეს ინფორმაცია არ გაშინებს და ადეკვატურ ცნობებს გაწვდის გასაგებ ენაზე, ნაკლები სამედიცინო ტერმინების გამოყენებით:

„სამედიცინო ტერმინების რახარუხით ინფორმაციის მიწოდება დანაშაულია და ამას შემდეგ მოჰყვება ხოლმე გაუთავებელი მითები“.

საფრთხის შემცველი საკომუნიკაციო არხი - სამედიცინო პერსონალი

როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის გამოკვლევაში ვკითხულობთ, კოვიდ-ვაქცინაციის პროცესში, საფრთხის შემცველ საკომუნიკაციო არხად კვლავ რჩება სამედიცინო პერსონალი.

კვლევის ავტორები წერენ, რომ გარდა იმისა, რომ ბევრი ექიმი დღემდე არ იცრება, მათ „აგდებული“ დამოკიდებულება აქვთ უშუალოდ ვაქცინების მიმართ:

„ასტრაზენეკათი აცრილ მშობლებს დაემართათ კოვიდი და სასწრაფოს ექიმები ხუმრობდნენ, აგერ, ნახე, აცრილს დაემართა და ილაპარაკე ახლა შენ აცრებზეო“, - ეუბნება მკვლევრებს ერთ-ერთი რესპონდენტი.

კვლევის მონაწილეებმა არაერთი მაგალითი გაიხსენეს, როდესაც ექიმებს აცრის წინააღმდეგ საკუთარი მაგალითი მოჰყავთ:

„მე ექიმი ვარ და არ ვიცრები და...“

მსგავსი დამოკიდებულების გავლენა გაცილებით მაღალია სოფლის მოსახლეობაში:

„სოფლის ექიმი თუ არ იცრება, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მთელი სოფელი არ იცრება“, - აღნიშნეს რეგიონის ფოკუსჯგუფების მონაწილეებმა.

სანდო წყაროებისა და ინფორმაციის მომწოდებელთა არათანმიმდევრული მიდგომები ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნდობაზე ვაქცინაციის მიმართ.

„გვეუბნებიან, რომ ვაქცინა გართულებებისგან გვიცავს. ბევრი შემთხვევა ვიცით, როდესაც გართულდა და აცრილებიც გარდაიცვალნენ“.

„ჩვენ მოგვიწოდებდნენ, თავი შეგვეკავებინა თავშეყრებისგან და მერე ვრცელდებოდა ინფორმაცია და ფოტოები სუფრებიდან, სადაც თვითონ პირბადის გარეშე იყვნენ“.

„თავიდან ითქვა, რომ ვაქცინა დაგვიცავს ვირუსისგან, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვირუსი აცრილებსაც ემართებათ“.

ყველაზე სანდო მაცნე

გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ სანდო მაცნეები (messenger), რომლებიც ახალგაზრდებში ნდობას იწვევენ ან მათ ყურადღებას იპყრობენ, ესენი არიან ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე.

უმრავლესობა ამბობს, რომ ეს ექიმები მარტივად, გასაგებ ენაზე ხსნიან მათთვის საინტერესო ინფორმაციას, გამოიყურებიან თავდაჯერებულად და საუბრის მანერით არ იწვევენ ადამიანებში შიშსა და შფოთს.

სამედიცინო სფეროდან წარმატებულ მაცნეებად მონაწილეები ასევე ასახელებენ ლევან რატიანს, არჩილ მარშანიას, ამირან გამყრელიძესა და გიორგი ფხაკაძეს.

რიცხვებად ქცეული გარდაცვლილები - რას ფიქრობენ ახალგაზრდები?

კოვიდით გარდაცვლილთა შესახებ საუბრისას, რესპონდენტების აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ადამიანები მხოლოდ რიცხვებად იქცნენ და ამიტომ, გაშუქებისას, სასურველია მათი პერსონიფიცირება.

მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ისედაც მძიმე გარემოში, უარყოფით ინფორმაციას აღარ გაეცნობიან. შესაბამისად, მათი აზრით, საკომუნიკაციო კამპანია დაცლილი უნდა იყოს ნეგატივისა და შიშისგან.

როცა ერთ შვილს ცრი და მეორეს არა

კვლევის ავტორებმა რესპონდენტებთან კომუნიკაციისას კიდევ ერთი ნიშანდობლივი დასკვნა გააკეთეს. საქმე ეხება იმ მშობელთა ქცევას, რომელთა შვილებსაც პანდემიის პერიოდში წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა მიეცათ:

„მაგალითად, ჩემს ახლობელს ჰყავს ტყუპები, აქედან ერთ-ერთი მოხვდა „ფლექსის“ პროგრამაში და აცრა მოსთხოვეს. მანაც მხოლოდ ერთი შვილი აცრა“.

სხვა მონაწილის თქმით, მისმა მეგობარმა შვილი აცრა მხოლოდ იმიტომ, რომ უნივერსიტეტში მისასვლელად სჭირდებოდა. თავად კი არ აცრილა.

საბოლოო ანგარიშით, გაეროს მოსახლეობის ფონდმა, კვლევის შედეგად გამოკვეთა ახალგაზრდების რამდენიმე ჯგუფი.

ინფორმირებული ვაქცინირებული ახალგაზრდები

  • ფლობენ ინფორმაციას ვაქცინებზე, მათ შორის, საერთაშორისო წყაროებიდან;
  • მოტივატორად ასახელებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას;
  • პრაქტიკულად პირველები აიცრნენ საკუთარი ოჯახის წევრების დასაცავად;
  • მონაწილეობენ ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიებში, მათ შორის, პირისპირ შეხვედრებში;
  • რიგ შემთხვევებში, მათთვის მიუღებელია ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოსაზრებები, ან დაეჭვება აცრის ეფექტიანობაში.

ვაქცინირებული ახალგაზრდები, რომლებსაც უჩნდებათ კითხვები და, ზოგჯერ, იმედგაცრუებაც

  • მოუწიათ ვაქცინაცია ინსტიტუტში სიარულისთვის, ან დამსაქმებლის მოთხოვნით;
  • არ ენდობიან არცერთ ვაქცინას;
  • იმედგაცრუებულნი არიან, რომ ვერ სარგებლობენ ვაქცინირებულის სტატუსით გათვალისწინებული უპირატესობებით;
  • იმედგაცრუებულნი არიან, რომ ვაქცინირებული პირებიც ინფიცირდებიან და რთულად გადააქვთ ვირუსი;
  • აქვთ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვები და შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მათი შემდგომი ვაქცინაცია.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მყოფი ახალგაზრდები

  • ზოგადად, დადებითად არიან განწყობილნი ვაქცინაციის მიმართ, მაგრამ არ აქვთ პასუხი ვაქცინების შესაძლო გავლენაზე გრძელვადიან პერსპექტივაში;
  • მათზე გავლენა აქვს სოციალურ წრეს/ოჯახს, რაც ხელს უშლით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში;
  • მიზეზად ასახლებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ყველაზე ხშირად კი - ალერგიულობას;
  • გადაწყვეტილების მიღებაში ხელს უშლით ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენები (მათ შორის, მყისიერი გავლენა: ანაფილაქსიური შოკი, ხელის მოხმარების შეზღუდვა, ორსულობის შეწყვეტა და ა.შ.);
  • გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ახდენს ცვალებადი ინფორმაცია, საჯარო პირთა ქცევა და ვაქცინაციის სტატუსის ბუნდოვანება;
  • შეხება აქვთ ექიმებთან, რომლებიც არ არიან დარწმუნებულნი ვაქცინაციის სიკეთეებში.

შეთქმულების თეორიების მიმდევარი ახალგაზრდები

  • სჯერათ, რომ COVID-19 ხელოვნურად გამოყვანილი ვირუსია მსოფლიო მოსახლეობის შესამცირებლად;
  • სჯერათ, რომ ვაქცინები იწვევს ისეთ ორგანულ ცვლილებებს, რომლებსაც შეიძლება სიკვდილიც მოჰყვეს;
  • სჯერათ, რომ ვაქცინები იწვევს უნაყოფობას;
  • აქვთ ნდობა გეგმიური ვაქცინების მიმართ, თუმცა არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისადმი;
  • არ ყოფნით ინფორმაცია, თუ რა სარგებელი მოაქვს ვაქცინას, ლეტალობის შემცირების გარდა;
  • ამბობენ, რომ აცრილებიც ინფიცირდებიან COVID-19-ით და ვაქცინა არაეფექტიანია.

ვაქცინის მიმართ აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდები

  • ფიქრობენ, რომ ვაქცინა კლავს;
  • მორწმუნე ადამიანმა ვაქცინაციას არ უნდა მიმართოს;
  • COVID-19 ჩვეულებრივი გრიპის ვირუსია და ვაქცინების გამოსაცდელად მოიგონეს;
  • სტატისტიკას ადამიანთა დასაშინებლად იყენებენ;
  • ვაქცინაციისკენ მოწოდება და რეგულაციები ზღუდავს მათ თავისუფალ არჩევანს.

მსოფლიო სტატისტიკის პორტალის ourworldindata-ს 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მთელი მოსახლეობის მხოლოდ 31,56%. რაც შეეხება მოზრდილ მოსახლეობას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 43,7%.

ქვეყანაში უკიდურესადაა შემცირებულია ყოველდღიურად აცრილთა მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში კოვიდ-ვაქცინაცია ჩაიტარა 1672-მა ადამიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG