ორი სანქტ-პეტერბურგელი ახალწვეული ჯარისკაცი უკრაინაში ომიდან შინ დააბრუნეს, მას შემდეგ, რაც მათმა ოჯახებმა ქალაქის ომბუდსმენთან, სვეტლანა აგაპიტოვასთან იჩივლეს. სამხედრო მოსამსახურეების დედებმა განაცხადეს, რომ მათი ვაჟები აიძულეს, ხელი მოეწერათ კონტრაქტებისთვის. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა „როტონდა“.
გამოცემის ინფორმაციით, მთლიანობაში აგაპიტოვას მიმართეს შვიდი ახალწვეულის ოჯახებმა. სახლში დაბრუნებული ორი სამხედროდან ერთ-ერთის დედაა მარია ივანოვა, რომელმაც ადრე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა თხოვნით, დააბრუნოს ახალწვეულები რუსეთის სამხედრო ნაწილებში, სადაც უნდა გადიოდნენ ისინი სამხედრო სამსახურს.
24 თებერვალს რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით. სამხედრო ოპერაციის მიზნებად მან დაასახელა უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“, მაგრამ არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა იგულისხმა.
უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბრძოლებში მხოლოდ დაქირავებული ჯარისკაცები მონაწილეობენ და გამორიცხა ბრძოლაში ახალწვეულების გაგზავნა. 10 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღიარეს, რომ ახალწვეულებს მაინც აგზავნიდნენ უცხოეთში და რომ ზოგი მათგანი „ნაცბატალიონის დივერსიულ ჯგუფებს“ ჩაუვარდა ხელში.
დაწერეთ კომენტარი