Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეხვდა ანა მამას ლარსზე - უკრაინელი ქალის გზა რუსეთში ევაკუირებული მამის დასაბრუნებლად


29 მარტს ანა ზოლოტუხინა საქართველო-რუსეთის საზღვარზე მამასა და მულს შეხვდა.
ხანდაზმული კაცი ლარსის გამშვებ პუნქტამდე ანას მულმა მიაცილა.
29 მარტს ანა ზოლოტუხინა საქართველო-რუსეთის საზღვარზე მამასა და მულს შეხვდა. ხანდაზმული კაცი ლარსის გამშვებ პუნქტამდე ანას მულმა მიაცილა.

უკრაინიდან რუმინეთში, რუმინეთიდან პოლონეთში, პოლონეთიდან საქართველოში - ეს 33 წლის ანა ზოლოტუხინას გრძელი გზაა, რომელიც მან უკრაინიდან რუსეთში ევაკუირებული მამის საქართველოში ჩამოსაყვანად გაიარა. 

24 თებერვალს, როცა რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ანას მამა ვიქტორი რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკის ოლქში დარჩა, სახლი არ მიატოვა. ანამ და მისი ოჯახის სხვა წევრებმა, დედამ, ქმარმა და ორმა ბავშვმა კი თავი დასავლეთ უკრაინას, ქალაქ ჩერნოვცის შეაფარეს.

"ომის დაწყებიდან მეორე დღეს წავედით დასავლეთ უკრაინისკენ - მე, დედა, ქმარი, 2 ბავშვი და ჩვენი კატა. 2 კვირა ვიარეთ, მანქანა ძველი გვყავდა, ჟიგული. ღამით უცხო ადამიანების სახლში გვეძინა, მოხალისეები გვეხმარებოდნენ. ვინც კარს გაგვიღებდა, იმათთან ვჩერდებოდით", - იხსენებს ანა.

ბევრი ქუჩაში საერთოდ არ გადის, სახლში იმალებიან, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად არ წაიყვანონ... ისინი, ვინც არ თანხმდებიან, უბრალოდ ქრებიან. ალბათ კლავენ ასეთებს...

ახლა ანა ცდილობს, ორად გაყოფილი ოჯახი ისევ შეკრიბოს და რუსეთში აღმოჩენილი მამა უკრაინაში დააბრუნოს.

"მამა შშმ პირია. მთელი ცხოვრება შახტში მუშაობდა. ფილტვები დაუავადდა, შახტში მომხდარი აფეთქების შემდეგ კი სხეულის დიდი ნაწილი დამწვარი აქვს. ახლა მამის ჩამოსაყვანად მივდივარ ლარსზე. მალე 70 წლის ხდება. უკვე ყურშიც აღარ ესმის, ამიტომ ხელჩაკიდებული უნდა ვატარო. ჩემი სიძე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, როსტოვიდან ვლადიკავკაზში ჩაიყვანს და იქიდან მერე საზღვრამდე მოიყვანს", - გვიხსნის ანა.

უკრაინული და საერთაშორისო მედია წერდა, რომ უკრაინის დაბომბილი ქალაქებიდან რუსეთს უკრაინელები რუსეთში იძულებით მიჰყავს.

უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ კრემლი ასიათასობით ადამიანის რუსეთში იძულებით ევაკუაციაში დაადანაშაულა. დენისოვას თქმით, უკრაინიდან რუსეთში გაყვანილთა რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა, მათ შორის 84 000 ბავშვია.

კითხვაზე, ხომ არ იყო მათ შორის მამამისიც, ანა გვპასუხობს, რომ არა, დონეცკიდან როსტოვში ის ძალით არავის წაუყვანია, თუმცა იმასაც ამბობს, უფრო ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, შეიძლება დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე გამოცხადებული მობილიზაციის გამო უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წაეყვანათო.

"ქალაქ შახტიორსკში ბევრი ნათესავი და მეგობარი დამრჩა. მათ არავინ ეკითხება, აქვთ თუ არა ამის [ომში მონაწილეობის] სურვილი. ბევრი ქუჩაში საერთოდ არ გადის, სახლში იმალებიან, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად არ წაიყვანონ. მაგალითად, ჩემი სიძე, თვეზე მეტია სახლში ზის და აივანზე მოსაწევადაც ვერ გადის, რომ არავინ შეამჩნიოს. ისინი, ვინც არ თანხმდებიან, უბრალოდ ქრებიან. ალბათ კლავენ ასეთებს. ვისაც იარაღი ხელში არასდროს არ სჭერია, პოლიგონზე წვრთნიან და პირდაპირ ომში გზავნიან. ასე წაიყვანეს უკვე 10-მდე ჩემი ნათესავი. მათ, რა თქმა უნდა, არ უნდოდათ, მაგრამ სხვა არჩევანი არ დაუტოვეს. შემდეგ ისინი ცდილობენ, უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდნენ", - გვიყვება ანა.

2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ანა ოჯახთან ერთად ხარკოვში ცხოვრობდა. მანამდე კი დონეცკის ოლქის ქალაქ შახტიორსკში, სადაც დაიბადა.

"ხარკოვში ძალიან ბევრს ვმუშაობდი ქმართან ერთად, ბინაც კი ვიყიდეთ, მაღალპროცენტიანი კრედიტით ვარემონტებდით მას და ისე, რომ ვერ დავამთავრეთ, გაქცევა მოგვიწია. ძალიან ბევრს ვშრომობდით. ისე გვიხაროდა, რომ ბოლოს და ბოლოს რაღაცამდე მივედით. ახლა არ ვიცი, რა მდგომარეობაშია ჩემი ბინა. ბომბები ყოველდღე ცვივა მანდ", - ამბობს ანა.

ადამიანები არა მხოლოდ დაბომბვებისა და სროლების გამო, არამედ წამლის, საჭმლისა და წყლის არქონის გამოც იღუპებიან. მათი ნაწილი უბრალოდ იყინება. ძალიან ბევრი დაიღუპა მარიუპოლში და უგზო-უკვლოდ დაკარგულიც ძალიან ბევრია...

უკრაინის სხვა ქალაქების მსგავსად, რუსეთმა ომის პირველი დღეებიდანვე დაიწყო ხარკოვის დაბომბვა. ანა ამბობს, ხარკოვის მილიონ-ნახევარი მცხოვრებიდან ამ დროისათვის ქალაქში 300 000-მდე ადამიანი თუ დარჩა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ მარტს განაცხადა, რომ რეაქტიული არტილერიით ხარკოვის სასტიკი დაბომბვა ერთმნიშვნელოვნად ომის დანაშაულია.

"ადამიანები არა მხოლოდ დაბომბვებისა და სროლების გამო, არამედ წამლის, საჭმლისა და წყლის არქონის გამოც იღუპებიან. მათი ნაწილი უბრალოდ იყინება. ძალიან ბევრი დაიღუპა მარიუპოლში და უგზო-უკვლოდ დაკარგულიც ძალიან ბევრია. არ ვიცი, შეიძლება ტყვედ აიყვანეს, ან რუსეთში წაიყვანეს. უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რომ წასულიყვნენ, როგორმე გამოჩნდებოდნენ".

ანა მამამისს გუშინწინ, 29 მარტს ლარის გამშვებ პუნქტზე შეხვდა.

"ლარსამდე თამუნა ყურაშვილმა მიმიყვანა. თამუნა თბილისში ჩამოფრენის დღეს აეროპორტში გავიცანი და იქიდან მოყოლებული თავის ქმართან ერთად ყველაფერში დამეხმარა. თვითმფრინავის ბილეთებიც მე და მამას მან და მისმა მეგობარმა გვიყიდეს. აი, ასეთი საჩუქარი გაგვიკეთა ბოლოს. აეროპორტშიც გაგვაცილა. ძალიან მიხარია, რომ ასეთ საოცარ ქვეყანაში მოვხვდი და ასეთ მშვენიერ ადამიანებს შევხვდი!" - მომწერა უკვე უკრაინაში მყოფმა ანამ.

ის, მამა და მისი ოჯახის ყველა წევრი ახლა ისევ ერთადაა უკრაინაში. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. დონეცკიდან დევნილმა ოჯახმა უნდა მოიფიქროს, სად გაიხიზნოს უფრო დიდი ხნით.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG