Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის 77-ე საარჩევნო უბანზე საია-ს დამკვირვებელმა პოლიცია გამოიძახა


შუალედურ არჩევნებში მონაწილეობენ ორი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები.
შუალედურ არჩევნებში მონაწილეობენ ორი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები.

ბათუმის 79-ე ოლქის 77-ე საარჩევნო უბანზე საია-ს დამკვირვებელმა პოლიცია გამოიძახა.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პაატა დიასამიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საარჩევნო უბანთან პერიმეტრის დარღვევით მობილიზებული იყო ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებიც, სავარაუდოდ, ამომრჩევლებზე გავლენას ახდენდნენ.

"თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, ამიტომ ადგილზე მოსულმა პოლიციამ რეაგირების ოქმი შეადგინა", ამბობს პაატა დიასამიძე. მისივე თქმით, ბათუმის თოთხმეტივე საარჩევნო უბანთან შეიმჩნევა ადამიანების მობილიზება.

ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. დღეს, დილის 8 საათიდან 14 საარჩევნო უბანზე დაიწყო კენჭისყრის პროცესი. ირჩევენ ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს. საარჩევნო უბნები გახსნილია გონიოში, კვარიათში, ადლიაში, ახალსოფელში.

შუალედურ არჩევნებში მონაწილეობენ ორი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები.

„ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატად დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი, მათე ფუტკარაძე.

ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის საფუძველი „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეული წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებაა. ქალაქის მეოთხე ოლქიდან საკრებულოს მაჟორიტარ წევრად 2021 წლის ოქტომბერში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე ნოემბერში გარდაიცვალა სისხლში შაქრის დონის მკვეთრი მატების შედეგად.

თანაპარტიელის გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამოაქვეყნეს აუდიომასალა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ფარულად ჩაიწერა თავად ნუგზარ ფუტკარაძემ. ჩანაწერის მიხედვით, ორი პირი მესამეს, სავარაუდოდ, ნუგზარ ფუტკარაძეს სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს და ბათუმის საკრებულოში მუშაობა დამოუკიდებელ წევრად გააგრძელოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანაპარტიელის გარდაცვალება დაუკავშირა „ქართული ოცნების“ ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას, რაც მმართველ პარტიაში კატეგორიულად უარყვეს.

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპარტიული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და, საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1.

29 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოში პარტიის "საქართველოსთვის" პროპორციული სიით არჩეულმა ირაკლი თავდგირიძემ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად იმუშავებს. თავდგირიძემ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ლელოსთან" ნებისმიერი სახით თანამშრომლობა და, მით უმეტეს, მათთან კოალიცია.

დღევანდელი მოცემულობით, ბათუმის საკრებულოში 34 წევრია და მათგან 17 ოპოზიციური პარტიებიდან. ნუგზარ ფუტკარაძის ადგილმონაცვლის ვინაობა გაარკვევს, ეყოლება თუ არა ოპოზიციას უმრავლესობა - 18 დეპუტატი.

XS
SM
MD
LG