კახეთში, რუსეთის შეჭრის შედეგად ლტოლვილებად ქცეულმა უკრაინელებმა, პატივი მიაგეს უკრაინის დასაცავად დაღუპულ ქართველ მეომრებს.
რამდენიმე ათეული უკრაინელი თელავში, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბა. უკრაინის ჰიმნის ფონზე მიმდინარე აქციას ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
ამ დროისთვის კახეთში 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს. ისინი ძირითადად ადგილობრივებმა შეიფარეს.
აქციაზე უკრაინელებმა მიმდინარე ომსა და კახეთში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
„მართალია, ჩვენ ქვეყანაში არ ვართ, მაგრამ თავს ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. მადლიერები ვართ ქართველი ხალხის, რომელიც აქ თბილად გვხვდება და ყველანაირად გვეხმარება“, - თქვა სიღნაღში მცხოვრებმა უკრაინელმა ლტოლვილმა ელენა შეპიტმა.
პარტია „დროას“ ორგანიზებით, ლტოლვილ ბავშვებს გასართობ ცენტრში უმასპინძლეს, დღის ბოლოს კი მათ ვახშამზე დაპატიჟებენ.
ლტოლვილების დასახმარებლად რეგიონში პერიოდულად ტარდება ჰუმანიტარული აქციები. გროვდება საკვები, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები.