თბილისში ორი კაცის მკვლელობის და რამდენიმეს დაჭრის საქმეზე დაკავებულია 5 პირი.
ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2 აპრილს თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ ერთ-ერთ ორგანიზაციაში, დაახლოებით 20-მდე პირს შორის წარმოიშვა სიტყვიერი კამათი. მოგვიანებით კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორივე მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა.
მიღებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა ერთი კაცი, ხოლო შემთხვევის ადგილის მიმდებარედ გარდაიცვალა კიდევ ერთი პირი.
დაპირისპირების დროს სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ოთხმა პირმა. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაკავებულთაგან ერთს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, კიდევ ერთს - სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება. სამი ადამიანი დააკავეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დაკავების ღონისძიებებს.
გამოძიება მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე.
დაწერეთ კომენტარი