Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მხარდამჭერ აქტს მხარი დაუჭირა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა


ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

იმისთვის, რომ დოკუმენტი კანონად იქცეს, ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე უნდა დაამტკიცონ, რის შემდეგაც კანონპროექტი გადაეგზავნება აშშ-ის სენატს, მისი შემდგომი დამტკიცების მიზნით.

კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას სიტყვით გამოვიდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიქსი, კონგრესმენები - ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი.

„დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და როდესაც რუსეთი ახორციელებს შეჭრას უკრაინაში, ეს გახლავთ ერთგვარი გამომაფხიზლებელი შეხსენება, რომ ქვეყნებს, როგორებიც გახლავთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა სჭირდებათ ერთად დგომა და ჩვენი განსაკუთრებული მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტი არა მხოლოდ ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის ზრდას უსაფრთხოების კუთხით, არამედ, ასევე უზრუნველყოფს ჩვენს მაქსიმალურ მხარდაჭერას საქართველოსადმი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც, თავის მხრივ, გახლავთ გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოების ქვაკუთხედი", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კონგრესმენმა კონოლიმ აღნიშნა, რომ საქართველომ, როგორც ლიდერმა ქვეყანამ ერთ სულ მოსახლეზე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით, დაამტკიცა თანამშრომლობის მზადყოფნა და სურვილი NATO-სა და დასავლეთთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.

„ამის საპასუხოდ, აშშ უნდა დაეხმაროს საქართველოს რუსეთის ნებისმიერი აგრესიისა თუ შეჭრის თავიდან აცილებაში. აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს წინანდელი ძალისხმევის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისაკენ და სანქციების დაწესებისაკენ იმ პირების მიმართ, რომელთაც განახორციელეს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, რისი დამადასტურებელი მაგალითებიც სახეზე გვაქვს, როგორიც გახლავთ ადამიანთა გატაცებები, მკვლელობები და დაკავებები", - აღნიშნა ჯერი კონოლიმ.

ადამ კინზინგერმა საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება:

„რუსული აგრესია, რომლის მომსწრენიც ვართ დღეს, სიახლე არ გახლავთ; ეს ყოველივე აშკარა გახდა მსოფლიოსთვის, როდესაც ვლადიმერ პუტინმა უბრძანა თავის შეიარაღებულ ძალებს შეჭრილიყვნენ სუვერენულ საქართველოში 2008 წელს. იმ ომის დროს ჩვენმა ქართველმა მოკავშირეებმა დაკარგეს სიცოცხლე, შესწირეს ჯანმრთელობა და დაკარგეს ტერიტორიები. ახლა, როდესაც პუტინის წამგებიანი კამპანია ჯერ კიდევ გრძელდება უკრაინაში, მე ვშიშობ, არის საფრთხე, რომ ის მოტრიალდეს აღმოსავლეთით, რათა სახე შეინარჩუნოს. აღნიშნული კანონპროექტი ორჯერ იქნა დამტკიცებული წარმომადგენელთა პალატაში და მას გააჩნდა მტკიცე და საკმაოდ დიდი ორპარტიული მხარდაჭერა. დღეს აქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი, რაც გამოიხატება მზარდ მხარდაჭერაში უსაფრთხოების მიმართულებით", - განაცხადა კინზინგერმა.

XS
SM
MD
LG