Accessibility links

site logo site logo

რა დევს ამანათში? - რუსი ჯარისკაცების “საჩუქრები” უკრაინის ომიდან


კიეველმა ილუსტრატორმა, მარი კინოვიჩმა ეს ნახატები უკრაინაში ომის დროს დახატა. მას მშობლიური ქალაქის დატოვებამ მოუწია და თავს ქვეყნის დასავლეთით აფარებს, სადაც შედარებით სიმშვიდე, როგორც თვითონ ამბობს, პირობი ცნებაა. აფეთქებების და სროლის ხმა მაინც ყოველდღე ესმის.

უკრაინის ომში რუსების ჩადენილ დანაშაულებს შორის ერთ-ერთი მაროდიორობაა. დაცარიელებულ, გადამწვარ დასახლებებში რუსი ჯარისკაცები იპარავენ ყველაფერს, რაც ხელში ხვდებათ. შემდეგ კი, ტელეფონით ახლობლებს სამშობლოში უყვებიან ამბებს უკრაინელებზე, რომლებსაც უკეთესი სახლები, სასმელი და ტანსაცმელი აქვთ.

აპრილის დასაწყისში, ერთ-ერთ ტელეგრამარხზე, რომელიც თებერვლიდან აკვირდება სამხედრო აქტივობებს ბელარუსში, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გომელის ოლქიდან რუსი სამხედროები უზარმაზარ ამანათებს აგზავნიდნენ სამშობლოში. ამ ამანათებში უკრაინაში ომის დროს მოპარული ნივთები ეწყო.

მიტოვებული სახლებისა და გარდაცვლილების ძარცვით დაუფლებული ნივთების ნაწილს რუსი სამხედროები ოჯახებს უგზავნიდნენ, ნაწილს კი ბელარუსის ტერიტორიაზევე ყიდდნენ.

2 აპრილს გამოქვეყნდა სამსაათიანი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ აგზავნიან დიდი მოცულობის ამანათებს რუსი ჯარისკაცები. ვიდეოს აღწერის მიხედვით, ჩანაწერი ბელარუსში, ქალაქ მოზირში, გადამზიდი კომპანია “СДЭК”-ის ფილიალშია გადაღებული.

2000 წელს ნოვოსიბირსკში დაარსებულ ამ კომპანიას, რომელიც რუსეთის ყველაზე მსხვილი გადამზიდი კომპანიების სამეულში შედის, ბელარუსში 30, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კი 3 000-ზე მეტი ოფისი აქვს. ამ კომპანიის ლოგოთი პოსტერები ჩანს გამოქვეყნებულ ვიდეოშიც, კომპანიის საიტზე განთავსებული ინტერაქტიული რუკა კი ადასტურებს, კომპანიას მართლაც აქვს ოფისი მოზირში.

იუტუბარხი, რომელიც ჩანაწერს ავრცელებს, წერს, რომ ვიდეოში ნაჩვენები ჯარისკაცები 56-ე გვარდიის სადესანტო-მოიერიშე პოლკიდან არიან. იმ დროს, როცა რუსი ჯარისკაცები ბელარუსიდან ომის ნადავლს ოჯახის წევრებს უგზავნიდნენ სამშობლოში, ბუჩიდან და კიევის ოლქის სხვა ქალაქებიდან მასობრივად დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების კადრები ვრცელდებოდა. ბელარუსში გადასული რუსი სამხედროები კი იმ ნაწილებს ეკუთვნიან, რომლებიც კიევის ოლქში, მათ შორის ბუჩაშიც იბრძოდნენ მარტის ბოლო დღეებამდე.

4 აპრილს ბელარუსულმა ტელეგრამარხმა მოზირიდან გაგზავნილი ტვირთის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. «Беларускi Гаюн»-ის ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა 2 აპრილს რუსეთში ჯამში 2 ტონა ტვირთი გააგზავნეს: ამანათების ზომა 50-დან 450 კილოგრამამდე იყო. ტელეგრამარხმა გაავრცელა რუსი ჯარისკაცების ვინაობა, ამანათის მიმღებების ტელეფონის ნომრები და ომში მოპარული ნივთების ჩამონათვალიც. ბელარუსის გავლით უკრაინიდან რუსეთში წავიდა ტელევიზორები, კონდიციონერები, ელექტროსკუტერები, ვიდეობარათები, მუსიკალური ინსტრუმენტები, მანქანის აკუმულატორები, ტანსაცმელი, სათევზაო აღჭურვილობა და სავარძელიც კი.

4 აპრილსვე, უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფიოდოროვმა გამოაქვეყნა ერთ-ერთი რუსი ოფიცრის ფოტო, რომელიც მისი მტკიცებით ჯერ ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში იბრძოდა, შემდეგ კი ბელარუსიდან ოჯახის წევრებს გაუგზავნა ომის ნაალაფარი საჩუქრების სახით.

"ასეთები ათასობით არიან, მაგრამ ჩვენ ყველას ვიპოვით", - დაწერა ამ დღეს ფიოდოროვმა ტვიტერზე.

უკრაინაში მოპარულ ტექნიკას, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ჯეოლოკაციით პოულობენ მათი პატრონები. მაგალითად, ჟიტომირში დაკარგული ყურსასმენები 5 აპრილს ბელარუსში, ქალაქ გომელის სიახლოვეს აღმოჩნდა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ უკრაინის მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში ხუმრობდნენ, რომ დაკარგული ტექნიკის ტრეკინგი კარგი მეთოდია რუსი ჯარისკაცების და მთელი დანაყოფების გადაადგილების დასადგენად.

სატელეფონო ჩანაწერები, როგორც მტკიცებულება

რუსი ჯარისკაცების მიერ ძარცვისა და ქურდობის ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს სხვა უწყებებთან ერთად აგროვებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიც. მათ იუტუბის არხზე არაერთი სატელეფონო საუბრის ჩანაწერია, სადაც რუსი სამხედროები ოჯახის წევრებს ან მეგობრებს უყვებიან, როგორ ძარცვავენ უკრაინაში სახლებს და ადგილობრივებს. ისინი აღფრთოვანებულები არიან, „როგორ ცხოვრობენ უკრაინელები” და ხაზს უსვამენ, რომ ყველაფერი, რაც აქ ხვდებათ, ხარისხიანია. ერთ-ერთ ჩანაწერში ქალი, რომელიც რუს ჯარისკაცს ელაპარაკება, ეუბნება, რომ წამოიღოს მაისურები - „ყოველთვის საჭიროა” და ახსენებს, რომ ნოუთბუქიც სჭირდებათ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებში რუსი სამხედროები საუბრობენ ალკოჰოლურ სასმელებზეც, რომლებსაც მიტოვებულ სახლებში პოულობენ. ერთ-ერთი ჯარისკაცი ჰყვება, რომ აბსენტი პირველად გასინჯა, ლუდი კი, რომელსაც აქ სვამს, განსხვავდება ყველა იმ ლუდისგან, რაც აქამდე დაულევია. ქალი სატელეფონო კავშირის მეორე მხარეს აფრთხილებს, რომ თავს გაუფრთხილდეს და ბევრი არ მოუვიდეს.

სამკაულები, თმის სამაგრები, ფული - ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლება

31 მარტს უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ასახულია მოკლული რუსი ჯარისკაცი და მისი ნადავლი. საათი, ქალის ბეჭდები და ყელსაბამები. რუს სამხედროს სიკვდილის შემდეგ ფულიც უპოვეს.

ტვიტერზე, ფეისბუკსა და ფორუმებზე ვრცელდება კიდევ ერთი მაროდიორის, რუსი ლეიტენანტის დენის გოროვენკოს ფოტოები. 22 წლის სამხედროს სიკვდილის შემდეგ არაერთი მოპარული ტელეფონი, სამკაული, საათები, თმის სამაგრები, ნაღდი ფული და უკრაინის მოქალაქეების პასპორტები უპოვეს.

რუსი ჯარისკაცების ქურდობაზე 3 აპრილს ილაპარაკა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელმა. მან თქვა, რომ სამხედროებმა ხელს გააყოლეს 15 საზღვაო კონტეინერი და ტექნოლოგიური აღჭურვილობის სათადარიგო ნაწილები. რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილის ატომური სადგური 31 მარტს დატოვეს.

4 აპრილს ტვიტერზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია უკრაინელი სამხედროსა და რუსი ჯარისკაცის ცოლის სატელეფონო საუბარი. კაცი უკრაინიდან ქალს რუსეთში მისი ქმრის ტელეფონიდან ურეკავს და ეუბნება, რომ მისი ქმარი მოკლულია კიევთან ახლოს, ბუჩაში. მისი გვამი კი თანამებრძოლებმა უპატრონოდ დატოვეს.

„ტელევიზორები წაიღეს ჩვენი ქალაქიდან, სარეცხი მანქანები წაიღეს, სეიფებიდან ფული წაიღეს, მაგრამ შენი ქმრის ცხედარი არ წაიღეს, როგორც ჩანს, ადგილი აღარ დარჩათ მისთვის.

ყველაფერი გაძარცვეს. ბავშვების ნივთები მოიპარეს, ბავშვების სკამები მოიპარეს... ყველაფერი წაიღეს, რასაც წლების განმავლობაში ვაგროვებდით, მაგრამ შენი ქმრის ცხედარი არ მოეწონათ წასაღებად. მხოლოდ მისი ფეხსაცმელები წაიღეს“, - ეუბნება უკრაინელი ჯარისკაცი მოკლული რუსი ჯარისკაცის ცოლს. ქალი ეუბნება, რომ მას თავისი ქმრის სიკვდილის ცნობა უკვე ნანახი აქვს ინტერნეტში.

უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ჩადენილმა დანაშაულებმა ისევ აქტუალური გახადა რუსული ჯარის სხვადასხვა დროს ჩადენილი დანაშაულები. უკრაინის ქალაქების ძარცვის პარალელურად, რუსი ჯარისკაცების საქართველოში მაროდიორობის ამბები გაიხსენეს ინტერნეტმომხმარებლებმა 2008 წლის აგვისტოს ომიდან - ოკუპანტები მაშინაც ეზიდებოდნენ საოჯახო ტექნიკას, ავეჯს და პირად ნივთებს ცხინვალის მიმდებარე ქართული და ოსური სოფლებიდან. ზოგიერთი მაშინ გადაღებული ფოტო ინტერნეტმომხმარებლებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კვლავ გააცოცხლეს.

რუსი მშვიდობისმყოფელები ბოსტნეულით დატვირთული მანქანით ზუგდიდის მიმართულებით გადაადგილდებიან. 18 აგვისტო, 2008 წელი
რუსი მშვიდობისმყოფელები ბოსტნეულით დატვირთული მანქანით ზუგდიდის მიმართულებით გადაადგილდებიან. 18 აგვისტო, 2008 წელი

უკრაინაში მიმდინარე მარობრივი ძარცვის ფონზე გაიხსენეს 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში, ერთ-ერთი შენობის კედელზე დატოვებული ეს წარწერაც: „უფრთხილდით რუს მკვლელებს. ისინი იპარავენ საათებს და რადიოებს”.

უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულები განსაკუთრებით აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ოლქი სრულად გაათავისუფლეს და კონტროლი დაიბრუნეს დედაქალაქის სიახლოვეს რუსების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე. ბუჩა, ირპენი და სხვა დასახლებები, სადაც ქუჩებსა და სახლების სარდაფებში ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე დახვდათ უკრაინელ სამხედრო შენაერთებს, ფიქრობენ რომ მხოლოდ მცირე ფრაგმენტია იმ სისასტიკის და დანაშაულების, რაც რუსეთმა უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდინა. რუსეთი უარყოფს მისი ჯარისკაცების მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვის ფაქტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG