Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში იმარჯვებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, განცხადებით, როგორც არ უნდა განვითარდეს შემდგომი მოვლენები, რაც არ უნდა დიდხანს გაგრძელდეს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი, უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს.

ტელეკომპანია NBC-ს ბლინკენმა უთხრა, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას უკვე გადასცეს და უახლოეს მომავალში გადასცემენ „თითოეულ რუსულ ტანკზე 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას“.

სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინაში ომი, შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს, მაგრამ ვერ ხედავს „ერთ პოტენციურ სცენარსაც კი“, რომელშიც უკრაინა არ იმარჯვებს.

ოთხშაბათს საღამოს გამოცემა New York Times-მა, პენტაგონის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ში იმყოფება უკრაინელი სამხედროების ჯგუფი, რომელიც, ადრე დაგეგმილი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, Switchblade დრონების მართვას ეუფლება.

Switchblade ერთჯერადი კამიკაძე დრონები აშშ-ის არმიამ ავღანეთში საბრძოლო მოქმედებებისას შექმნა, დრონი 2.7 კგ-ს იწონის და ზურგჩანთაში ეტევა, მისი ტარება ნებისმიერ ჯარისკაცს შეუძლია.

15 მარტს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უკრაინას 100 უპილოტო მფრინავ მოწყობილობას მიაწვდის 800 მილიონდოლარიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, რომელშიც დასავლეთის რუსეთისადმი დაწესებული ბოლო სანქციების მნიშვნელობა შეაფასა, დასავლეთს კვლავ მოუწოდა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების აუცილებლობისკენ.

"ჯერ კიდევ შეგიძლიათ მოგვცეთ იარაღი, რომელიც ნამდვილად შეაჩერებს ამ აგრესიას. დასავლეთს შეუძლია ამის გაკეთება“, - თქვა ზელენსკიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG