Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე 55 რუსი მედესანტე ერთი ელიტური პოლკიდან

განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა უკრაინაში.
განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა უკრაინაში.

უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ინტერვენციის განმავლობაში სულ მცირე 55 მედესანტე დაიღუპა რუსეთის სტავროპოლის მხარეში დისლოცირებული ერთი სადესანტო-მოიერიშე პოლკიდან. ეს ფაქტი დაადგინა რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ მიჩნეულმა გამოცემამ, „ვაჟნიე ისტორიი“ (მნიშვნელოვანი ისტორიები), რომელმაც გაანალიზა ინტერნეტში გავრცელებული და ხელმომწერებისგან გამოგზავნილი სამგლოვიარო ვიდეოები.

მანამდე რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს სტავროპოლის მხარის ქალაქ მიხაილოვსკის სასაფლაოზე მოწყობილი ახალი ხეივანი მრავალი ახალი საფლავით, სახელმწიფო დროშებითა და გვირგვინებით.

მიხაილოვსკი სტავროპოლის გარეუბანია, სადაც 247-ე გვარდიული სადესანტო-მოიერიშე კავკასიის კაზაკთა პოლკია დისლოცირებული. 5 მარტს რუსეთის ამ რეგიონის ხელისუფლებამ დაადასტურა უკრაინაში ამ პოლკის მეთაურის, კონსტანტინ ზიზევსკის დაღუპვა, ხოლო ორი დღით ადრე, ვლადიმირ პუტინმა სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა 247-ე გვარდიული სადესანტო-მოიერიშე კავკასიის კაზაკთა პოლკის ოფიცერ ნურმაგომედ გაჯიმუჰამედოვს.

გამოცემამ „ვაჟნიე ისტორიი“ ასევე დაადგინა, რომ ინტერნეტით გავრცელებულ დაღუპულთა ფოტოსურათებზე ამ პოლკის სულ მცირე 55 სამხედრო მოსამსახურეა გამოსახული. გარდა პოლკის მეთაურისა, მათ შორის არის რამდენიმე ასმეთაურიც. გამოცემა რამდენიმე დაღუპული ოფიცრის ვინაობასაც ასახელებს. მათ შესახებ წინა დღეებში რუსეთის სხვადასხვა რეგიონის ხელისუფლებებიც იტყობინებოდნენ.

გამოცემის თანახმად, 247-ე სადესანტო პოლკს უწოდებენ „მეთაურთა სამჭედლოს“ - სამხედროები, რომლებიც ამ პოლკში გადიოდნენ სამსახურს, ხშირად სადესანტო ნაწილების მეთაურებად ინიშნებოდნენ. 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პოლკს საპატიო წოდება - „გვარდიული“ მიანიჭა.

  • კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 7 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთმა "მნიშვნელოვანი დანაკარგი" განიცადა უკრაინაში - სადაც რუსეთის ჯარი 24 თებერვალს შეიჭრა, კრემლის ფრაზით "საგანგებო სამხედრო ოპერაციისთვის".
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ დროისთვის ყველაზე ბოლოს, 25 მარტს განაცხადა, რომ კამპანიის დაწყებიდან დაიღუპა 1351 რუსი ჯარისკაცი, დაიჭრა 3825 სამხედრო.
  • ორი დღით გვიან გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ, სავარაუდოდ, დაღუპულია სულ მცირე 10 000 რუსი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG