Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირლანდები“ სოხუმის ცაზე - დაუსჯელი დანაშაული


აფხაზეთის მთავრობის მონაცემებით, აფხაზეთის ომში, რომელიც 1993 წელს სოხუმის დაცემით დასრულდა, 5 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს. ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს. დახვრეტილი ბავშვები, ცოცხლად დამარხული და დამწვარი ადამიანები, ჯგუფური გაუპატიურება... რატომ დარჩა აფხაზეთის ტრაგედია საერთაშორისო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი და რა შანსია ახლა, როცა უკრაინა ბუჩასა და სხვა ქალაქებში ჩადენილი სისასტიკის გამო რუსეთის დასჯისთვის იბრძვის.

ფოტოალბომი, ქორწილის კასეტა და ტიციან ტაბიძის სამტომეული

რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, ალბათ არ მოხდებოდა, მაშინ რომ სათანადო რეაგირება ყოფილიყო. ახლაც ყურში ჩამესმის თამაზ ნადარეიშვილის სიტყვებიჩვენ ვაგებთ საინფორმაციო ომს“, „ჩვენ ვაგებთ საინფორმაციო ომს“, - ასე იწყებს საუბარს სოხუმელი სალომე კაპანაძე. ის დღეს თბილისში ცხოვრობს და რობაქიძის უნივერსიტეტში ფილოლოგიის დოქტორია. როდესაც ომი დაიწყო, 27 წლის იყო, პატარა ბავშვს ზრდიდა და დისერტაციაზე მუშაობდა. ის დისერტაცია შემდეგ სოხუმში დარჩა.

უცნაურია, მაგრამ მაშინ შიშის გრძნობა არ მქონია. ქუჩაში გვამები ეყარა. სახლის სახურავზე ჭურვის ნამსხვრევებს რაკა-რუკი გაუდიოდა, მე კი ზამთრისთვის კომპოტებს ვხუფავდი.

გაგრა რომ ჩაბარდა, სოხუმში პანიკა ატყდა. ჩამოვიდა ამბავი იქ მომხდარი სისასტიკის შესახებ. შეეშინდა ხალხს. ჩემი მამამთილი თავის ძმასთან და ახლო ნათესავთან ერთად გაგრაში დახვრიტეს. მე რატომღაც არც მაშინ შემშინებია. ახლა მეშინია. ეტყობა, შიშიც უნდა ისწავლოს ადამიანმა.

გუმისთის საზღვართან სამი თექვსმეტსართულიანი სახლი იდგა. დედა მესამეზე ცხოვრობდა. ჩემი ქმარი იბრძოდა. კიდევ მეშვიდეზე ცხოვრობდა სლავიკ უბირია, მეომარი კაცი. ან მას უმიზნებდნენ, ან დედის ბინას. ერთი ოთახიდან რომ შემოვარდა ჭურვი, მეორე ოთახში ყველაფერი გაიტანა. დედა სტუმარს აცილებდა და სახლში არ იყო, თორემ ვერც ავკრეფდით.

გირლანდებირომ ჩამოეკიდებოდა სოხუმის თავზე, იქვე მეზობლის სარდაფში ჩავრბოდით. „გირლანდებსბომბებს ვეძახდით, ცოტა ხანი ჰაერში ეკიდა და მერე ვარდებოდა.

გაგრის დაცემა
გაგრის დაცემა

გაგრა რომ დაეცა, მაშინ ვიკადრე და შვილი თბილისში წამოვიყვანე. მერე აქეთ-იქით დავდიოდით სოხუმსა და თბილისს შორის. ერთხელ თვითმფრინავში ბავშვთან ერთად ვიჯექი. გვერდით საკაცეებით ჯარისკაცების ცხედრები ესვენა. ორმეტრიანი ბიჭები იყვნენ, ზეწარი ვერ ფარავდათ, ფეხები უჩანდათ და შვილმა მკითხა: „დედა, თავი არა აქვთ?“

საბოლოოდ აგვისტოში წამოვედი. ფოტოალბომი, ქორწილის კასეტა და ტიციან ტაბიძის სამტომეული წამოვიღე, მეტი არაფერი. სულ ვფიქრობდი, რომ ყველაზე მთავარი, რაც უნდა გამომეტანა, მეხსიერება იყო“.

დახვრეტილი ბავშვები

ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს, რომ აფხაზეთსა და უკრაინაში რუსეთი ერთი და იმავე ხელწერით მოქმედებდა.

„აფხაზეთში რამდენიც გინდა იმდენი შემთხვევა იყო, როდესაც ოჯახები ამოხოცეს, ხალხი ცოცხლად დამარხეს, გააუპატიურეს. წამების გაუგონარი მეთოდები ჰქონდათ. თავის დროზე ყველა თვითმხილველი დაიკითხა და ამას აქვს მტკიცებულების ძალა. ზოგი ისეთი დანაშაულიც იყო, თვითმხილველი რომ არ ჰყავდა, მაგალითად, შეყრიდნენ სახლებში 10-20 კაცს და ცეცხლს წაუკიდებდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია იმ სამოქალაქო პირების არასრული სია, რომელნიც აფხაზეთში დახოცეს. აქ 3 ათასამდე ადამიანის ისტორია იყრის თავს. ამ ისტორიების მიხედვით, კლავდნენ ბავშვებსაც, ხშირად მშობლებსა და და-ძმებთან ერთად.

  • ხათუნა დარჯანია,16 წლის - დახვრიტეს და დაწვეს მამასთან და ნათესავებთან ერთად.
  • ნანა კუპრეიშვილი, 8 წლის - დახვრიტეს.
  • ეკატერინე ჟვანია, 17 წლის - ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ წამებით მოკლეს.
  • მარინა ჟვანია, 14 წლის - ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ წამებით მოკლეს.
  • ნუგზარ ფიფია, 17 წლის - დახვრიტეს ბაბუასთან ერთად.
  • ემირ ფიფია, 7 წლის - დახვრიტეს.
  • პაატა გოგუა - 17 წლის, დახვრიტეს ქარხანასოხუმხელსაწყოსშენობასთან ძმა მამუკასთან და მამა ჯენერისთან ერთად.
  • ვანე ბერულავა - 16 წლის, დახვრიტეს.
  • გია წურწუმია - 9 წლის, მამა მურმანთან ერთად დახვრიტეს.
  • უცნობი გოგონა - 9 წლის, ეროვნებით რუსი, და და ბებიასთან ერთად დახვრიტეს.
  • უცნობი გოგონა - 12 წლის, ეროვნებით რუსი, და და ბებიასთან ერთად დახვრიტეს.
  • გოჩა ბებია - 7 წლის, დახვრიტეს.
  • ვახანია (სახელი უცნობია) - 7 წლის, დახვრიტეს მამიდა ცინარა ვახანიასთან ერთად.
  • . კუხალაშვილი - 11 წლის, წამებით მოკლეს
  • ნადეჟდა ხმელევსკაია - 16 წლის, მშობლებთან ანატოლი და ვალენტინასთან, ძმა სლავასთან და ბებია ნადეჟდასთან ერთად დახვრიტეს; გვამები დაწვეს.
  • სლავა ხმელნიცკი - 17 წლის, მშობლებთან ანატოლი და ვალენტინასთან, და ნადეჟდასთან და ბებია ნადეჟდასთან ერთად დახვრიტეს; გვამები დაწვეს.
  • ელვარდ ჩაკვეტაძე - 16 წლის, დახვრიტეს.
  • ალმაზ იუსუპოვი - 17 წლის, დახვრიტეს ახლობელთან ერთად.
  • თენგიზ ჩხეტია - 16 წლის, დახვრიტეს ოჯახის წევრებთან ერთად.
  • გოგი უშვერიძე - 16 წლის, წამებით მოკლეს ბიძა ზარქუა გივისთან ერთად.
  • იგორ ადამია - 16 წლის, დახვრიტეს მამა გრიგოლთან ერთად.
  • მარიამ ჩოფლიანი - 12 წლის, ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ დახვრიტეს.
  • ნიკოლოზ ფიფია - 15 წლის, ნაჯახით მოკლეს.
  • გოგა ბებია - 13 წლის, დახვრიტეს.
  • ალექსანდრე კარატიგინი - 14 წლის, დახვრიტეს.
  • ირაკლი ძაგნიძე - 13 წლის, დახვრიტეს.
  • ზაზა ტიოშევი - 15 წლის, მოკლეს ბებია ბაბუცა პაკელიანთან ერთად.
  • ხათუნა გუგუშვილი - 12 წლის, ცოცხლად დაწვეს და სოფიკოსთან ერთად, ოჯახის სხვა წევრები დახვრიტეს.
  • თამარ კიკვიძე - 12 წლის, დახვრიტეს მამა გივისთან ერთად.
  • ნუკრი გერგედავა - 17 წლის, აწამეს, დახვრიტეს მშობლების თვალწინ კინდღის ჩაის ფაბრიკასთან.
  • ხვიჩა გაბისკირია - 17 წლის, დახვრიტეს.

გახსოვდეთ თქვენი სახლი

აფხაზეთის ომში განსაკუთრებით ბევრი ხანდაზმული ადამიანი დაიღუპა. ბევრს უბრალოდ არ სჯეროდა, რომ მოხუცს ვინმე ხელს ახლებდა და სოხუმის დაცემის შემდეგაც საკუთარ სახლში დარჩა.

ვენერა რუხაიას ომმა 72 წლის ასაკში მოუსწრო. ის გულრიფშში, ზღვასთან ახლოს ცხოვრობდა. ჰქონდა დიდი, გაწკრიალებული ეზო, ბევრი ყვავილით, ორსართულიანი სახლი და სამზადი. სამზადი ერქვა, თორემ სინამდვილეში იქაც 4 ოთახი იყო.

„27 სექტემბერს სოხუმი რომ დაეცა, მე და ბავშვები წამოვედით, ჩემი ქმარი და დედამთილი დარჩნენ. დედამთილი არაფრით არ გამოგვყვა. მერე წერილებს მწერდა იქიდან, მუშმალა დამწიფდა, მაგრამ არ ვკრეფ, გინახავთო“, - იხსენებს ქეთევანი.

ფანქრით დაწერილი წერილები კარგა ხანია გაიცრიცა, მაგრამ მაინც იკითხება.

კმაყოფილი ვარ, რომ აქ არა ხართ და არ იტანჯებით ისე, როგორც ჩვენ. ბავშვები ისე მენატრება, მგონია, წელიწადია არ მინახია. მთელი დღე და ღამე ფიქრებში ვარ. უკვე სიცოცხლე მძულს, მაგრამ რა ვქნა, ყველაფერს უნდა გავუძლო...

აქ ასეთი ამბავია, სულ ქურდობა და ქურდობა. დანარჩენს მოხვალთ და ნახავთ. მეზობლებიც ჯერჯერობით ცოცხლები არიან.

სიზმარში და ცხადში სულ თქვენთან ვარ. ცრემლები ჩემს თვალებში ღმერთმა სიხარულში გამიცვალოს. ჩემს გულს რა გაახარებს თქვენი ნახვის მეტი. არ ვიცი, როდის ვეღირსები იმ დღეს. მერე სიკვდილიც არ მენაღვლება. გახსოვდეთ თქვენი სახლი“.

ამასობაში აფხაზეთში მდგომარეობა უფრო და უფრო იძაბებოდა.

ჩემი მეუღლე 7 თვე იქ იყო. ბოევიკები სიებით დადიოდნენ და ვინც იბრძოდა, სახლებს უწვავდნენ. ჩემი მეუღლის ბიძაშვილი საკუთარ სახლში გამოწვეს. მერე კიდევ რამდენჯერმე მოვიდნენ, ამოწმებდნენ, მართლა დამწვარი იყო თუ არა. ჩვენ ახალი მანქანა გვყავდა, თავისი ხელით გამოუყვანა ჩემმა ქმარმა ბოევიკებს. მოდიოდნენ და ხან ღვინო მიჰქონდათ სახლიდან, ხან მანდარინს კრეფდნენ. ძაღლი გვყავდა შარიკა, რომ შემოვიდნენ, ერთ-ერთს ფეხში ეცა და მოკლეს... მერე ჩამოვიდა ჩემი ქმარი, ნახა, რომ ცოცხლები ვიყავით და გაბრუნდა უკან, დედაჩემს წამოვიყვანო. ის ისევ არ წამოჰყვა და მარტო დაბრუნდა თბილისში“.

ამის შემდეგ რაც მოხდა, ქეთევანმა უკვე იქ დარჩენილი ახლობლების მონათხრობით იცის. მაშინ ამბები თბილისამდე გვიან და რთულად ჩამოდიოდა.

მეზობლად მიმინოშვილები ცხოვრობდნენ, საბჭოს თავმჯდომარე იყო ის კაცი და კარგი სახლი ჰქონდა. ჯერ იმ სახლში შევიდნენ და დაიკავეს. მერე ვენერასთან მისულან, შენ პატარა სახლში იცხოვრე, ჩვენ ორსართულიანში შევალთო. გადარეულა ჩემი დედამთილი, თქვენთან ერთად რა მაცხოვრებსო. ერთ საღამოს, ტელევიზორს რომ უყურებდნენ - მასთან კიდევ ნათესავი ქალი იყო შეფარებული - შემოცვივდნენ სახლში, ვენერას პირში რაღაც ჩასჩარეს, გაიყვანეს და წყალში გადააგდეს. მეორე ქალისთვის ხელი არ უხლიათ, ალბათ იმიტომ, რომ ის სახლის პატრონი არ იყო. მერე ცხედარი ზღვამ გამორიყა. ნათესავებმა დამარხეს და შემოგვითვალეს, რომ ჩამოხვალთ, განახებთ, სადაც არის საფლავიო, მაგრამ აბა, ვინ ჩავიდა, რო?“

ოჯახში დღემდე ინახება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის ეთერ ასტემიროვას მიერ ხელმოწერილი ცნობა, მოკლულის შვილისთვის მიცემული:

ცნობა ეძლევა, რომ მისი დედა რუხაია ვენერა ნიკოლოზის ასული, დაბადებული 1924 წელს, მოკლულ იქნა სასტიკი წამების შემდეგ“.

კიდევ ერთი ომი

ჯემალ გამახარია ამბობს, რომ საქართველოს მაშინდელი მთავრობის არაერთი დადგენილება არსებობს, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, რომ სწორედ რუსეთი სჩადიოდა ის სისასტიკეს, რაც იქ ხდებოდა. მაგრამ, მიუხედავად მცდელობისა, მაშინ ამის დამტკიცება ვერ მოხერხდა.

„90-იან წლებში ძალიან რთული იყო რუსეთის დადანაშაულება. მაშინ ელცინს დემოკრატის ნიღაბი ჰქონდა მორგებული. ახლა გვაქვს პატარა შანსი, რომ როდესაც უკრაინის საქმეს ჰააგა განიხილავს, იქ აფხაზეთის საკითხი თუნდაც ერთი წინადადებით დავაფიქსიროთ. გამოძიების საგანი ეს, რა თქმა უნდა, ვეღარ გახდება, მაგრამ ჩანაწერიც რომ გაკეთდეს, რომ წლების წინ რუსეთმა იგივე აფხაზეთში ჩაიდინა, ძალიან დიდი გამარჯვება იქნებოდა“.

აგვისტოს ომი.
აგვისტოს ომი.

სამართლებრივი კუთხით შედარებით უკეთესი მდგომარეობაა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. 10 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე სასამართლოს სამი კაცის დაპატიმრების ორდერები წარუდგინა. ესენი არიან: მიხაილ მინძაევი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი შს მინისტრი; გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შსს-ს წინასწარი დაკავების დაწესებულების ყოფილი უფროსი; დავიდ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში.

მათ ბრალად ედებათ ადამიანების უკანონო დაკავება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, მძევლად აყვანა...

განსხვავებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან, რომელსაც შეუძლია კონკრეტული პირები მისცეს პასუხისგებაში, ევროპული სასამართლო მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოდან ევროპულ სასამართლოში 53 საქმეა გაგზავნილი. ნაწილის განხილვა უკვე დაიწყო.

„ეს 53 საქმე ყველა ტიპის დანაშაულს ეხება: წამება, საკუთრების ხელყოფა, სახლების დაწვა, დისკრიმინაცია, ტყვეობა... მაგრამ აქ ერთი პრობლემაა, ევროპის სასამართლომ თქვა, რომ უჭირს გაარკვიოს, ვინ ახორციელებდა კონტროლს ამ ტერიტორიაზე 8-12 აგვისტოს. მართალია, ამ გადაწყვეტილებას ბევრი კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ მაინც დიდი ალბათობაა, რომ ამ პერიოდში ჩადენილი დანაშაულებები სასამართლომ არ განიხილოს“, - ამბობს თამარ ონიანი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი.

რა შეუძლია ქართულ მხარეს ახლა?

მართალია, 90-იან წლებში ეუთომ ქართველების ეთნიკური წმენდა აღიარა, მაგრამ რეალურად ეს გენოციდი იყო“, - ამბობს ჯემალ გამახარია.

ეთნიკური წმენდა საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან ადამიანთა ძალადობრივი გაძევებაა, რომელსაც თან ახლავს განსაკუთრებული სისასტიკე, მკვლელობები, წამება, გაუპატიურება... გენოციდი უფრო მძიმე დანაშაულად ითვლება. ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპოს რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი.

მე არ მგონია, რომ აფხაზეთში ქართველების გენოციდი იყო, თუმცა, შეიძლება ვინმე შემეკამათოს. ნებისმიერ შემთხვევაში ჰააგის სასამართლოში ქართულ მხარეს სარჩელი არც შეუტანია. საუბრით საუბრობდნენ, მაგრამ საქმე არ გაკეთებულა. პროკურატურას უნდა აეღო საბუთები, გამოეძიებინა, საქართველოს სასამართლოს მაინც უნდა ემსჯელა ამ საკითხზე. ეს არ გაკეთებულა“, - ამბობს ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, ახლა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ 30 წლის წინანდელი საქმეების წამოწევა არაფერს მოიტანს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG