Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი ქალაქ ბუჩაში მიწვევის საპასუხოდ განცხადებას აქვეყნებს


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განცხადებით ეხმაურება უკრაინელი კოლეგის მიწვევას ქალაქ ბუჩაში ჩასვლის შესახებ.

„შეუძლებელია, სიტყვით აღწერო ის გრძნობა, რაც ადამიანს ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი სისასტიკის ნახვისას გეუფლება. სამწუხაროდ, ეს გრძნობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. საქართველოს უახლესი ისტორია ჩვენ სწორედ ამ გრძნობით დავდივართ. ხვალაც, 9 აპრილს, სწორედ ეს გრძნობა შეგვახსენებს თავს. და ჩვენ ვიცით, რომ ეს გრძნობა გაზიარებას და მართლმსაჯულებას ითხოვს.

სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რომ დაეწყო რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება, რათა დადგინდეს და დაისაჯოს ყველა დამნაშავე.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას რუსული აგრესიის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებისთვის. ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენ შეიძლება არ გვაქვს ფართო რესურსები და შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთივე ერთი ხმა საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიც მეტი რესურსების მქონე ქვეყნებს და ჩვენ ამ ერთ ხმას მტკიცედ ვიყენებთ უკრაინული სახელმწიფოს მხარდასაჭერად", - წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის სპიკერი უკრაინულ მხარეს ახსენებს საქართველოს ხელისუფლების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს და მიიჩნევს, რომ ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს.

„რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ვკითხულობთ შალვა პაპუაშვილი განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს ადამიანური და ისტორიული ვალია. „ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ, რაც არ უნდა უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები გვესმოდეს საპასუხოდ. შევასრულებთ ისე, როგორც ამას ქართველი და უკრაინელი ხალხების ძმობა იმსახურებს", - დაამატა მან.

როგორ პასუხობენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევას

შალვა პაპუაშვილს განცხადებაში ბუჩაში ჩაუსვლელობის მიზეზად ავადმყოფობა არ დაუსახელებია, თუმცა ამ თემაზე რამდენიმე საათით ადრე ილაპარაკა ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ჩვენ არსად ჩასვლის პრობლემა არ გვაქვს. ამ საკითხს, ალბათ, ბატონი შალვა თვითონ უპასუხებს, - თქვა ქადაგიშვილმა და შენიშნა, - მგონი, ავად არის შალვა".

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ შალვა პაპუაშვილის მიწვევის საკითხზე მედიას საკუთარი პოზიცია გააცნო: „სანამ უკრაინის მხარე არ გააკეთებს განმარტებებს მათი უშიშროების ბინძურ ბრალდებებზე, არ იქნება არგუმენტები, არ იქნება ბოდიში მოხდილი, ვფიქრობ, ასეთ საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს".

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ კი განაცხადა: „ბატონი შალვას მაგივრად მე პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი სახის მშვიდობიანი მხარდაჭერა უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. მოკლულთაგან ბევრი ეზოებში, ქუჩებსა და საკუთარ სახლებში იყო დახვრეტილი. ბევრ მათგანს ზურგს უკან ჰქონდა ხელები შეკრული. რუსეთი უარყოფს ბრალდებებს და ბუჩის ტრაგედიას „დადგმულს“ უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG