საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი 33 წლის წინანდელ 9 აპრილის მოვლენებს ტვიტერზე ეხმაურება და წერს, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ იბრძოდა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობისთვის.
„9 აპრილს ვიხსენებთ მათ, ვინც სიცოცხლე გაწირა საქართველოს თავისუფლებისთვის 1989 წელს“, - წერს მარკ კლეიტონი.
9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას, დღეს, 9 აპრილს, პატივი მიაგეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.
წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი შეეწირა. ასობით ადამიანი კი მომწამვლელი გაზით მოიწამლა.
სწორედ ამ მოვლენების შედეგად, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.