Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუჩაში, შესაძლოა, ოპოზიცია წავიდეს


ბუჩა, უკრაინა. აპრილი, 2022.
ბუჩა, უკრაინა. აპრილი, 2022.

„ბუჩაში პაპუაშვილი რომ არ წავიდოდა, ცხადია. არ გულშემატკივრობს, არ აწუხებს, რატო წავა. ჩვენ ოპოზიცია უნდა წავიდეთ“ - წერს საკუთარი ფეისბუკის გვერდზე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

მისი სიტყვებით, ხატია დეკანოიძე ისედაც გეგმავდა კიევში წასვლას, ამის სურვილი აქვს სხვებსაც.

„ყველა ჯერზე ჩვენ ალტერნატივა უნდა შევქმნათ. და ისედაც როგორ შეიძლება გული არ გისკდებოდეს და ამ თემაზე მხარდაჭერის გამოხატვა არ გინდოდეს“, - წერს ელენე ხოშტარია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“, ხატია დეკანოიძე კი აპირებს მიმართოს საპარლამენტო ოპოზიციას, მათ შორის, ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინისა და საქართველოს ერთმანეთისგან დაშორება საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატია:

„თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ბუჩაში, შეხვდნენ ჩვენს მეგობრებს და საკუთარი თვალით ნახონ, ვინ არის რუსეთი, არა მხოლოდ პუტინი, არამედ რუსეთი და ზოგადად, როგორია უკრაინელების ტრაგედია და ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამიტომ, დიახ, მე ვაპირებ, მეორედ წავიდე უკრაინაში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, ყველამ უნდა ნახოს, თუ როგორი სამხედრო დანაშაულების ადგილი გახდა არა მხოლოდ ბუჩა, გოსტომელი და კრამატორსკი, არამედ მთელი უკრაინა.

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩასულიყო უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით ეხილა, თუმცა საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა ჯერ გაავრცელა ცნობა, რომ შალვა პაპუაშვილს უკრაინის რადის თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია.

მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საელჩოდან წერილი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა პაპუაშვილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG