Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ "საპრეზიდენტო არჩევნებს"


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. კიევი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. კიევი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მტკიცედ დაგმო რუსეთის მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საქართველოში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკანონო „არჩევნების“ მიზანია რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაცია.

სამინისტროს საიტზე 10 აპრილს, ღამით გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების თანახმად, „არჩევნები“ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი. კიევის შეფასებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრის ფონზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო კენჭისყრის ჩატარებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის არსებითად გამწვავება და შექმნას საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის საფუძველი.

უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გააუქმოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება, ისევე, როგორც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების - დონეცკის და ლუგანსკის ოლქების.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დარწმუნებულია, რომ რუსეთის საწინააღმდეგო მკაცრი სანქციები და მათი განუხრელად დაცვა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სწრაფად აღდგენას. უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გააძლიეროს რუსეთზე სანქციებით ზეწოლა და პასუხისმგებლობა დააკისროს გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების უხეშად დარღვევების გამო.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, "პრეზიდენტად" პირველივე ტურში ასარჩევად საჭირო ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ე.წ. არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "მოქმედი პრეზიდენტი" ანატოლი ბიბილოვი და პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ "არჩევნებს" ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG