Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოდოლიაკი აღიარებს, რომ ამჟამად ძალზე ძნელია რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება


უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.
უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის ჯგუფის წარმომადგენელმა მიხაილო პოდოლიაკმა აღიარა, რომ ამჟამად ძალზე ძნელია რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის გრძელდება.

პოდოლიაკის ეს სიტყვები გამოხმაურებაა განცხადებაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააკეთა 12 აპრილს ბელარუსის პრეზიდენტთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრის შემდეგ. პუტინის თქმით, უკრაინა თითქოს „დაშორდა სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებებს“. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დეტალები მისთვის ჯერჯერობით არ არის ცნობილი. მისი სიტყვებით, 11 აპრილს მას უთხრეს, „რომ უკრაინის მხარემ პოზიცია შეიცვალა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.“

„მოკლედ რომ ვთქვათ, მოლაპარაკებები უკიდურესად მძიმედ მიმდინარეობს. ონლაინ, სამუშაო ჯგუფებში. მაგრამ მიმდინარეობს. გასაგებია, რომ დღეს მოლაპარაკებების პროცესში ემოციური ფონი რთულია. გასაგებია, რომ უკრაინის დელეგაცია მუშაობს მხოლოდ პროუკრაინულ და გამჭვირვალე ფარგლებში. გასაგებია ასევე, რომ რუსეთის მხარე მიმართავს თავის ტრადიციულ ტაქტიკას - საჯარო ზეწოლას ახორციელებს მოლაპარაკებების პროცესზე, მათ შორის გარკვეული საჯარო განცხადებების ხარჯზე“, - თქვა პოდოლიაკმა.

31 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, უახლოეს დროში მოაწყოს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. ამის შემდეგ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დააზუსტა, რომ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ შეთანხმების ტექსტზე მუშაობის მთლიანად დასრულების შემდეგ.

9 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არა აქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს, ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია ომის შეჩერება.

XS
SM
MD
LG