რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა კიევზე სარაკეტო იერიშით იმუქრება, თუკი უკრაინელები არ შეწყვეტენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დივერსიულ აქტებს. ამის შესახებ 13 აპრილს განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა.
„ვხედავთ ობიექტებზე დივერსიისა და დარტყმების განხორციელების მცდელობებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
თუკი ასეთი შემთხვევები გაგრძელდება, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დარტყმებს მიაყენებენ გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს, მათ შორის კიევს, რისგანაც რუსეთის არმია თავს იკავებდა,“ ნათქვამია კონაშენკოვის განცხადებაში.
როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ შენიშნავს, კიევზე სარაკეტო დარტყმები რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ხორციელდებოდა, რასაც რამდენიმ ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის დაიბომბა სატელევიზიო ანძა ბაბი იარის მემორიალის მახლობლად, რის შედეგადაც 5 გამვლელი დაიღუპა.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 13 აპრილს კვლავ გაიმეორა, რომ კიევის მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც ქალაქიდან ევაკუირებული არიან, ჯერჯერობით ნაადრევია დაბრუნება. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა აუხსნეს ქალაქის ხელმძღვანელობას, რუსეთის ჯარებმა კვლავაც შეიძლება გახორციელონ კიევზე სარაკეტო იერიშები. გარდა ამისა, ქალაქის მიდამოებში ძალიან ბევრი ნაღმი და აუფეთქებელი ჭურვია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლები ტერაქტების განხორციელებას გეგმავენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რათა უკრაინელები დაადანაშაულონ და გაამართლონ უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ რუსეთის ჯარების სისასტიკე. 1 აპრილს რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მახლობლად ნავთობის ბაზა აფეთქდა - რუსეთის თანახმად, უკრაინული ვერტმფრენების საჰაერო იერიშის შედეგად. აპრილის დამდეგს ბელგოროდის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქის მახლობლად თითქოს ჩამოვარდა „უკრაინული ჭურვი“, იტყობინება „უკრაინსკაია პრავდა“.