Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა დაამტკიცა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“კანონში ცვლილებები


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ტრიბუნასთან. 14 მარტი, 2022 წელი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ტრიბუნასთან. 14 მარტი, 2022 წელი.

პარლამენტმა, 83 ხმით, 6-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებს შორის დავის საკითხს ეხება.

თავდაპირველად კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება იგეგმებოდა, მოგვიანებით მისი განხილვა ორი კვირით გადაიდო და პარლამენტმა მას 14 აპრილს მესამე მოსმენით უყარა კენჭი. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები იყვნენ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი.

ცვლილების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ რომელიმე მათგანის სამართლებრივი აქტით, მოქმედებით ან უმოქმედობით, სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფილ იქნა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება.

„ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს იმ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას (ან იმ მოქმედების, ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად ცნობას), რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება“

კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილებების მისაღებად აღარ არსებობდა არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური სპეკულაციის სივრცე.

მანამდე ოპოზიცია „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პრეზიდენტზე ანგარიშსწორებად აფასებდა. კანონპროექტის მომზადება დაიწყო მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებების შემდეგ საუბარი დაიწყო მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG