Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ეს შურისძიებას წააგავს” - რატომ უჩივის მთავრობა პრეზიდენტს საკონსტიტუციოში - ინტერვიუ 


მმართველი პარტია ამბობს, რომ მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი საერთაშორისო ვიზიტების დროს, თებერვლის ბოლოს ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საერთაშორისო ოფიციალური ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობას უნდა შეუთანხმოს. სალომე ზურაბიშვილმა 14 მარტს პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ევროპაში ოფიციალურ ვიზიტებზე მთავრობამ მას წერილობით უთხრა უარი, რის შემდეგაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და სხვა ლიდერებს არაოფიციალურად შეხვდა.

მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მოქმედებდა თუ არა პრეზიდენტი კონსტიტუციის ფარგლებში. სანამ სასამართლო ამ საკითხზე იმსჯელებს, რადიო თავისუფლება საკონსტიტუციო საკითხების მცოდნესა და სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებულ პროფესორს, ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა.

ახლა მთავარი კითხვაა, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა თავისი საერთაშორისო შეხვედრებით საქართველოს კონსტიტუცია. თქვენ როგორ ფიქრობთ?

სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებით კონსტიტუციის არცერთი ნორმა არ დარღვეულა. ეს იყო არაოფიციალური შეხვედრები. ამ შემთხვევაში [იგი] არ წარმოადგენდა საქართველოს, რისთვისაც საჭირო იყო მთავრობის თანხმობა. მე რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ვიყო, უარყოფით დასკვნას დავდებდი.

ხუმრობით ვიტყვი, ქალბატონ სალომეს ყოველ დილით გამოჰყავს ძაღლი სასეირნოდ - [მთავრობისგან] თანხმობა უნდა მიიღოს? ევროპაში დასასვენებლად თანხმობა სჭირდება? - კონსტიტუცია ასეთ რამეს არ ითვალისწინებს.

პრეზიდენტს კონსტიტუციით შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს საპარლამენტო რესპუბლიკაში, მაგრამ პირადი შეხვედრების აკრძალვა ადამიანისთვის, რომელსაც საფრანგეთის დიპლომატიაშიც აქვს გამოცდილება, იცის, პოლიტიკური ცხოვრება როგორ იყო - შეხვდეს ემანუელ მაკრონს და სხვებს, [ვერ აკრძალავენ].

მაგრამ კონსტიტუცია დაირღვა მაშინ, როცა პრეზიდენტმა მოითხოვა რიგგარეშე სხდომის მოწვევა [განმარტება - რ.თ: უკრაინის საკითხზე საპარლამენტო ოპოზიციის თხოვნით ჩანიშნული სხდომა], რომლის გამართვისთვისაც მიმართა პარლამენტის წევრების ნაწილმა. ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა.

რომ დავაზუსტოთ, შესაძლოა, ეს არ იყო ოფიციალური ვიზიტები, მაგრამ მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე პრეზიდენტის პირადი შეხვედრების გამართვა ხომ არ არის კონსტიტუციის გვერდის ავლა?

პირად შეხვედრებზე კონსტიტუცია რაიმე აკრძალვას არ აწესებს.

პრეზიდენტის კრიტიკისას, "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს იკითხა, ამ "საერთაშორისო ვიზიტებით [პრეზიდენტმა] რა ჩამოიტანაო". მსგავსი შეხვედრებით რისი ჩამოტანა შეეძლო სალომე ზურაბიშვილს?

ეშოპინგა?.. ხომ ვერ იტყოდა, "მაკრონი დამპირდა მხარდაჭერას". ეს გამოჩნდება მაშინ, როცა დაიწყება ევროკავშირში საქართველოს მიღების პროცედურა. იქ არავინ არ მისცემდა სალომე ზურაბიშვილს გარანტიას, რომ ევროკავშირში მიგვიღებდნენ. მაგრამ კეთილგანწყობა ხომ ჩამოიტანა?

თუ კონსტიტუციის ფარგლებში გადავიყვანთ, მის ვიზიტებს არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია და არც მოჰყვებოდა - ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრები.

დარღვევის დადგენის შემთხვევაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი გადაწყვეტილად ჩაითვლება?

არა, შეიძლება პარლამენტმა მიიჩნიოს, რომ ეს იყო უმნიშვნელო საკითხი.

პრეზიდენტის ამ შეხვედრების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, შეიძლება რამე გზავნილი იყოს პარტნიორი ქვეყნებისთვის?

ხელისუფლების დანაწილება მხოლოდ როლების გადანაწილებას კი არ გულისხმობს, არამედ ერთიანობას, თანამშრომლობას - ეს კომპონენტი იგნორირებულია ამ შემთხვევაში. ეს მოკლედ რომ გითხრათ, შურისძიებას წააგავს...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG