Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კონსტიტუციურ დარღვევებს ედავება „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს?


„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო პრეზიდენტს კონსტიტუციური კანონის დარღვევის მცდელობებს რამდენიმე მიმართულებით ედავება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ან ვერ კითხულობს კონსტიტუციას, ან მისი სხვაგვარად გადაწერა სურს.

ოთხგვერდიან განცხადებაში, რომელიც პოლიტსაბჭომ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლიდან მეორე დღეს, 15 მარტს, გამოაქვეყნა, ვრცლად არის მიმოხილული, თუ რა საკონსტიტუციო დარღვევები ამოიკითხა „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის სიტყვაში.

საგარეო პოლიტიკა

პირველ რიგში, მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს შეახსენებს, რომ მას არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება.

„კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში“.

14 მარტს, სალომე ზურაბიშვილმა თქვა:

„2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით, გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს! მე კი მგონია, რომ ჩემი ორმოცწლიანი გამოცდილება დიპლომატიისა და სტრატეგიულ საკითხებში და ამ პერიოდში შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი“.

უსაფრთხოების საბჭო

„ქართული ოცნება“ გაუგებრად მიიჩნევს პრეზიდენტის 14 მარტის განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს შესახებაც და წერს:

„უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო სამთავრობო ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის იქმნება. ამ სამთავრობო ორგანოში არასამთავრობო სუბიექტების, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა სისტემის ლოგიკასა და ორგანოს არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაშიც, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს“.

„ქართული ოცნება“ უსაფრთხოების საბჭოს კონტექსტზე საუბრისას, პრეზიდენტს მთავარსარდლის სტატუსის გააზრებისკენაც მოუწოდებს:

„მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო საქართველოს მთავრობაა. მთავრობის სხდომებთან ერთად, პრემიერ-მინისტრთან რეგულარულად იმართება ოპერატიული თათბირები უსაფრთხოების საკითხების განსახილველად“.

14 მარტს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა:

„ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები!“

ორი უხეში დარღვევა - პარლამენტში მისვლის თარიღი და უკრაინის ელჩის წარმომადგენლის სხდომათა დარბაზში შეყვანა

კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევის ორი უხეში პრეცედენტი - სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენიებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ფაქტს, როდესაც პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის თარიღი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა.

მეორე უხეშ დარღვევად კი პოლიტსაბჭომ ჩათვალა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეყვანა, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე:

„თავდაპირველად, პრეზიდენტმა პარლამენტში მისი მისვლის თარიღი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა, ხოლო, მოგვიანებით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეიყვანა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რისი უფლებაც, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს“.

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და კარგად გაიაზროს საპარლამენტო რესპუბლიკის არსი:

„ასეთ შემთხვევაში, ის მომავალში მაინც იქნება დაზღვეული შეცდომებისა და გადაცდომებისგან და მისი სამომავლო ქმედებები და განცხადებები ამდენ კითხვას აღარ დატოვებს. საქართველოს პრეზიდენტმა პირველ რიგში უნდა სცეს პატივი საქართველოს კონსტიტუციას და პრეზიდენტის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს“, - ვკითხულობთ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა პარლამენტში "ქართული ოცნების" მხრიდან რეაგირების გარეშე რომ არ დარჩებოდა, ეს 14 მარტსვე ნათელი იყო.

ჯერ იყო და მამუკა მდინარაძემ, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გამოხატა აღშფოთება, რომ სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის შესვლამ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრი კასიანოვთან ერთად, "გარკვეული უხერხულობა" შექმნა. მას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც დაეთანხმა და თქვა, რომ "„საქართველოს პარლამენტი მუშაობს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს რეგლამენტის საფუძველზე და მნიშვნელოვანია ფორმებისა და წესების დაცვა.“

ამის შემდეგ კი, ირაკლი კობახიძემ, პარტია"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, თუკი მთავრობის წერილობითი უარის მიუხედავად, პირადი კონტაქტების გამოყენებით წავიდა საზღვარგარეთ.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG