Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აბრამოვიჩს ვუთხარი, მარცხენა ფეხზე შემოხვედით ჩემს ოფისში-მეთქი“ - როგორ ცდილობდნენ მილიარდერის მოწამვლას


მუსტაფა ჯემილევი
მუსტაფა ჯემილევი

უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ყირიმელი თათრების ლიდერმა მუსტაფა ჯემილევმა Крым.Реалии-სთან თავისი და რუსი მილიარდერის რომან აბრამოვიჩის შეხვედრის დეტალები მოჰყვა. ისინი ერთმანეთს კიევში, 3 მარტს შეხვდნენ.

28 მარტს Wall Street Journal-ის ჟურნალისტმა დაწერა, რომ რომან აბრამოვიჩსა და უკრაინული დელეგაციის ორ წევრს მოწამვლა დაუპირეს. მუსტაფა ჯემილევი ამ ინფორმაციას ადასტურებს. ის ამბობს, რომ შეხვედრა მის კიევის ოფისში შედგა.

„3 მარტს აბრამოვიჩი, სახალხო დეპუტატ რუსტემ უმეროვსა და საერთაშორისო მოლაპარაკების ჯგუფის წევრთან, თავის თანაშემწე დენისთან ერთად კიევში, ჩემს ოფისში მოვიდა. მაშინვე ცუდად იგრძნეს თავი: ცრემლები, ტანში ტეხა, თავის ტკივილი. მივხვდით, რომ რაღაც ისე ვერაა. ეგრევე ანკარაში წავედით. იქ გვითხრეს, რომ ეს ნამდვილად ქიმიური მოწამვლაა, თუ რომელი ნივთიერებით - ამას ჯერ კიდევ არკვევენ. ის, რომ აბრამოვიჩი კიევში ჩამოსვლას აპირებდა, თითქმის არავინ იცოდა. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო“, - ამბობს მუსტაფა ჯემილევი.

მისი თქმით, უკრაინულმა სპეცსამსახურმა ოფისი შეამოწმა და ნიმუშები აიღო. მუსტაფა ჯემილევი ვარაუდობს, რომ უცნობებს რუსტემ უმეროვის მოწამვლა სურდათ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ რუსეთში ვინმეს არც აბრამოვიჩის პოზიცია მოსწონს.

„ვფიქრობ, ყველაზე მეტად იქ უმეროვზე ნადირობდნენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, აბრამოვიჩი იყო მიზანი. თვითონაც ამას ფიქრობს, რომ მოსკოვში ის ძალიან ბევრ ძალას არ მოსდის თვალში. აბრამოვიჩს ვეუბნები: „თქვენ რაღაც მარცხენა ფეხზე შემოხვედით ჩემს ოფისში“. გაიღიმა და ამბობს, „ჰო, მარცხენა ფეხზე“.

რუსტემ უმეროვი
რუსტემ უმეროვი

მუსტაფა ჯემილევი ფიქრობს, რომ აბრამოვიჩი გულწრფელად დარდობს რუსეთის მომავალზე, თუმცა არც მისი პირადი ინტერესი უნდა გამოვრიცხოთ. აბრამოვიჩი არ არის მოლაპარაკების წევრი რუსეთის მხრიდან. ის მრჩევლის როლს ასრულებს. სახალხო დეპუტატი მისი შეფასებისას ამბობს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რადგან აბრამოვიჩი პირადად საუბრობს ვლადიმირ პუტინთან.

„ვცდილობდი, მისთვის ამეხსნა. ვეუბნებოდი, პუტინს უთხარით - მართალია, ჩვენ რუსეთს სასტიკ მტრებად მივაჩნივართ, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. ჩვენ რუსეთს კეთილდღეობას ვუსურვებთ, მაგრამ არა სიყვარულის, არამედ პრაგმატული მოსაზრებების გამო - თუ ჩვენი მეზობელი კარგადაა, მისგან ნაკლები პრობლემები გვექნება. ჩვენ ისევ ნორმალური სახელმწიფოების რიგში ჩავდგებით, როდესაც სრულად დავიცავთ საერთაშორისო ნორმებს და სრულად, უკანასკნელი კვადრატის ჩათვლით გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიას. ამის გარეშე თქვენ სანქციებს არ მოგიხსნიან. ხელს არავინ ჩამოგართმევთ. აბრამოვიჩი ამბობს: „მე ეს ყველაფერი მშვენივრად მესმის, მაგრამ კრემლში რომ არის, იმისთვის ამის ახსნა რთულია“.

რომან აბრამოვიჩი
რომან აბრამოვიჩი

მუსტაფა ჯემილევი ჰყვება, რომ პუტინი აბრამოვიჩს ენდობა და შესაძლოა ამიტომ ჩართო მოლაპარაკებებში.

„თუმცა ის მათ შორისაა, ვინც ფიქრობს, რომ ომი რუსეთს კარგს არაფერს მოუტანს და მისი დაწყება არ ღირდა. რა თქმა უნდა, მას აქვს პირადი ინტერესი. ის ამბობს: „რა შუაშია ჩემი ქალიშვილი, რომელიც ლონდონში სწავლობს, კლასელებმა მას მელანი გადაასხეს იმის გამო, რომ ის რუსეთიდანაა. მე ყველაფერი ჩამომართვეს“. დიახ, პირადი მოტივიც აქვს. შესაძლოა უნდა, რომ ეს სანქციები მოიხსნას. თუმცა, მგონია, რომ ახლა სხვა ინტერესი ამოძრავებს, მართლა ედარდება ქვეყანა. ამბობს, დავიღუპებით, რამე გონივრული თუ არ მოვიფიქრეთო“.

ავტორი: კატერინა ნეკრეჩაია

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG