Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონმა განმარტა, რატომ თქვა უარი ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებაზე


ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი
ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France Bleu-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბარში აუხსნა, რატომ არ გამოიყენა ტერმინი „გენოციდი“ უკრაინაში რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სიტყვა „გენოციდს თავისი მნიშვნელობა აქვს“. მაკრონის განმარტებით, ყველა შეძრა ბუჩის სურათებმა, სცენებმა მარიუპოლიდან, რაც საფრანგეთმა მკაცრად დაგმო, მაგრამ საკითხზე სასამართლო განხილვა უნდა დაიწყოს.

სიტყვა გენოციდს აქვს მნიშვნელობა, სიტყვა გენოციდის კვალიფიკაცია უნდა მოახდინონ იურისტებმა და არა პოლიტიკოსებმა“, - განაცხადა მაკრონმა

ფრანგულ ტელევიზიასთან საუბარში მაკრონს ასევე ჰკითხეს, როდის აპირებს ის უკრაინაში ვიზიტს, რაზეც უპასუხა, რომ „ამის დროც მოვა“.

ვფიქრობ, ვიზიტს მხოლოდ ის მიზანი არ უნდა ჰქონდეს, რომ ვიღაცამ დაინახოს, არამედ, რომ ვმოქმედებ. ამიტომ ყოველთვის ვამბობდი, რომ ამას გავაკეთებ მაშინ, როცა ეს სასარგებლო იქნება“, - განაცხადა მაკრონმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაკრონის შეფასებას გენოციდთან დაკავშირებით „საწყენი“ უწოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით სიტყვა „გენოციდი“ გამოეყენებინა და უკრაინელ და რუს ხალხებს „ძმები“ უწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 აპრილს პირველად გამოიყენა სიტყვა „გენოციდი“ იმ მოქმედებების აღსანიშნავად, რომლებსაც მიმართავს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე.

მსოფლიოს სხვა ლიდერებიც, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ასევე იყენებენ „გენოციდს“ უკრაინაში რუსეთის მოქმედებების აღსაწერად.

ასეთი რიტორიკის გამოყენებას ჯერჯერობით არავითარი იურიდიული შედეგები არ ახლავს, მაგრამ მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა აქვს.

XS
SM
MD
LG