უკრაინამ და რუსეთმა განახორციელეს პატიმრების მორიგი გაცვლა, რის შედეგადაც უკრაინაში დაბრუნდა 22 სამხედრო და 8 სამოქალაქო პირი. „პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს განხორციელდა სამხედრო ტყეების მორიგი, მეოთხე გაცვლა. გაიცვალა 5 ოფიცერი და რიგითი შემადგენლობის 15 სამხედრო მოსამსახურე. გათავისუფლდა ასევე 8 სამოქალაქო პირი, მათ შორის 1 ქალი“, - განაცხადა სატელევიზიო მიმართვაში უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა.
მას არ უთქვამს, თუ რამდენი სამხედრო ტყვე გადასცა უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთს.
მანამდე, 1 აპრილს, უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს ფორმატში, 86-86-ზე, რამაც კიევს შესაძლებლობა მისცა, ასევე დაებრუნებინა 15 სამხედრო მოსამსახურე. უფრო ადრე, 24 მარტს, პატიმრების გაცვლა
მოხდა ფორმატით, 10-10-ზე. ამ პროცესში უკრაინის ხელისუფლებამ 9 რუსი სამხედრო მოსამსახურე გაცვალა ტყვეობაში მყოფ ქალაქ მელიტოპოლის მერში, ივან ფიოდოროვში, რომელიც რუსმა სამხედროებმა 11 მარტს გაიტაცეს.
როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, 1 მარტს სუმის ოლქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთ-ერთი რუსი სამხედრო მეთაური უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის 5 მებრძოლში გაცვალა.
უკრაინის ვიცე-პრემიერისა და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანახმად, 12 აპრილის მდგომარეობით, რუსეთის პატიმრობაში იმყოფება 1700 სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე.