Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკს პატიმრობა შეუფარდა


ვიქტორ მედვედჩუკი, ყოფილი ფრაქცია „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
ვიქტორ მედვედჩუკი, ყოფილი ფრაქცია „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე

ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს, ყოფილი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ოპოზიციური პლატფორმა -სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ კონსპირაციულ ბინაზე დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილები ოლიგაქრს მედვედჩუკს, რომლის ქონება რამდენიმე მილიარდ უკრაინულ ჰრივნას შეადგენს, არ ექნება გირაოს გადახდის უფლება .

უკრაინის უშიშროების სამსახურმა 12 აპრილს, ღამით, ფოტოებთან ერთად გაავრცელა ინფორმაცია ვიქტორ მედვედჩუკის დაკავების შესახებ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ივან ბაკანოვის განცხადებით, უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს „ელვისებური და მრავალდონიანი სპეცოპერაცია“. ბაკანოვს მედვედჩუკის დაკავების ადგილი არ დაუსახელებია.

უკრაინის საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, ლვოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია 26 ავტომობილი, 23 სახლი, 32 ბინა, მიწის 30 ნაკვეთი და სხვა ქონება.

ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ნათლიმამაა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა მედვედჩუკს ბრალს სდებს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში. 2021 წლის მაისიდან, ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ზომად შეფარდებული ჰქონდა შინაპატიმრობა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

ვიქტორ მედვედჩუკის ცოლმა, ოქსანა მარჩენკომ 13 აპრილს, Youtube-ით გამოაქვეყნა მიმართვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი და მოითხოვა მისი ქმრის და „ოპოზიციის ლიდერის დაუყოვნებლივ გათავისუფლება". მარჩენკო აცხადებს, რომ მისი ქმარი უკანონოდ დააკავეს და პოლიტიკური მოტივით იდევნება, რადგან კანონი არ დაურღვევია და ყოველთვის მშვიდობის მომხრე იყო. ვიქტორ მედვედჩუკის ცოლმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი, რუსულენოვანი ვიდეომიმართვა, რომელშიც შუამავლობას სთხოვს თურქეთის პრეზიდენტ ერდოანს.

XS
SM
MD
LG