Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტებმა კრეისერ "მოსკვაზე" დაღუპული ერთ-ერთი რუსი მეზღვაურის ვინაობა დაადგინეს


კრეისერი "მოსკვა" სევასტოპოლში, 10 აპრილი, 2022 წელი.
კრეისერი "მოსკვა" სევასტოპოლში, 10 აპრილი, 2022 წელი.

რადიო თავისუფლების საგამოძიებო პროექტ "სქემების"ჟურნალისტებმა კრეისერ "მოსკვას" ერთ-ერთი დაღუპული მეზღვაურის ვინაობა დაადგინეს. მათ ხელთ არსებული ცნობით, ეს მეზღვაური აღმოჩნდა მიჩმანი ივან ვახრუშევი.

41 წლის ივან ვახრუშევის გარდაცვალება ჟურნალისტებს მისმა მეუღლემ დაუდასტურა. 15 აპრილს მან "ოდნოკლასნიკში" გამოაქვეყნა რუსეთის საზღვაო ძალების ფორმაში ჩაცმული მამაკაცის ფოტო, რომელსაც მიჩმანის სამხრეები ამშვენებს.

"ჩვენი გმირი!!! იგი თავისი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. იგი ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოდა გემის სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ ვგლოვობთ და ვტირით. შენ ყოველთვის დარჩები გმირად ჩვენს გულებში", - წერს ქალი, რომლის გვერდი სოციალურ ქსელში უკვე დახურულია.

სოციალურ ქსელ "ვკონტაქტეში" ჟურნალისტებთან მიმოწერაში ვახრუშევამ თქვა, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის შედეგად. მისივე თქმით, ამის შესახებ მან სარდლობიდან 14 აპრილს შეიტყო. მეუღლის ცხედარი იპოვეს, მაგრამ მისი გარდაცვალების გარემოებები არ დაფიქსირებულა.

ქალის თქმით, "მოსკვას" ეკიპაჟის კიდევ 27 წევრი დაკარგულად ითვლება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ეკიპაჟის რამდენიმე ასეული ადამიანი ევაკუირებული იყო სხვა გემებზე.

ანექსირებულ სევასტოპოლში რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდალი, ადმირალი ნიკოლაი ევმენოვი სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" ეკიპაჟს შეხვდა. შეხვედრის ვიდეო გამოქვეყნდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს "ტელეგრამის" არხში.

ვიდეოზე ეკიპაჟის რაოდენობის შესახებ მონაცემები ასევე არ არის გამჟღავნებული. უკრაინული წყაროების მტკიცებით, კრეისერზე 510 მეზღვაური მსახურობდა და ვიდეოზე მხოლოდ ასამდე მეზღვაური მოჩანს.

13 აპრილს, ღამით, ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა რუსული გემი "მოსკვა" სერიოზულად დააზიანეს რაკეტა „ნეპტუნ"-ით. იმავე ღამით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სარაკეტო კრეისერზე ხანძრის შედეგად მოხდა საბრძოლო მასალების დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი კი სრულად ევაკუირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მითითებული არ ყოფილა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 აპრილს ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა. მაგრამ რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხანძრითა და საბრძოლო მასალის დეტონაციით დაზიანებული ხომალდის კორპუსმა ვერ გაუძლო ბუქსირით დანიშნულების ადგილისკენ გადაყვანას.

მანამდე უკრაინის მხარემ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის ფლოტის ფლაგმან „მოსკვას“ უკრაინის „ნეპტუნ"-ის ტიპის ორი რაკეტა მოხვდა.

კრეისერ „მოსკვას“ ეკიპაჟში, სხვადასხვა მონაცემით, 510-დან 758-მდე სამხედრო ირიცხებოდა. გემი, რომელსაც თავდაპირველად „სლავა“ ერქვა და ექსპლუატაციაში 1983 წლიდან გაუშვეს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანად ითვლებოდა. 186 მეტრის სიგრძის კრეისერის ძირითადი შეიარაღება იყო რაკეტა „ვულკანის“ 16 გამშვები დანადგარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG