რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინას მშვიდობის აღდგენა უსურვა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციულ მიმართვაში "ქალაქსა და მსოფლიოს" (Urbi et Orbi), რომელსაც პონტიფიკოსმა წელს "ომის აღდგომა"უწოდა.
"დაე, იყო მშვიდობა ტანჯულ უკრაინაში, რომელიც ასე სასტიკად დაექვემდებარა ძალადობას და განადგურებას უმოწყალო და უაზრო ომში, რომელშიც ის ჩაითრიეს", - თქვა რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძრის წინ მდებარე მოედანზე შეკრებილი ხალხისადმი მიმართვაში.
ფრანცისკემ მსოფლიო პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ ყური მიუგდონ მშვიდობის ლოცვას. "დაე, იყოს მშვიდობიანი გამოსავალი და კუნთების თამაში შეჩერდეს იმ დროს, როდესაც ხალხი იტანჯება", - თქვა პონტიფიკოსმა.
მანამდე, მთელი ღამის სააღდგომო მსახურების დროს, რომის კათოლიკური ეკლესიის თავკაცმა დაგმო ომი უკრაინაში " სისასტიკისა და სიბნელის გამო." ქადაგების დასასრულს ფრანცისკემ ტრადიციული სააღდგომო მისალმება, "ქრისტე აღსდგა!" უკრაინულადაც წარმოთქვა. წირვას ესწრებოდა მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვიც, რომელიც ადრე რუსმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს, შემდეგ კი გაცვალეს რუსეთის არმიის 9 დატყვევებულ წვევამდელში.
მიმდინარე წლის 17 აპრილს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ დასავლური მიმართულების ქრისტიანები - კათოლიკეები და პროტესტანტები. მართლმადიდებელი მორწმუნეები აღდგომას ერთ კვირაში იზეიმებენ.