Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონს უკრაინაში ეპატიჟება: "მინდა დარწმუნდეს, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი"


ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი, პარიზი, 2019 წლის ივლისი.
ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი, პარიზი, 2019 წლის ივლისი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში მიიწვია, რათა მან საკუთარი თვალით დაინახოს რუსი სამხედროების სისასტიკე და დარწმუნდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ხალხის გენოციდი.

"ვფიქრობ, მას სურს ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას რუსეთთან დიალოგისკენ. მე უბრალოდ ვუთხარი, რომ მინდოდა მას გაეგო, რომ ეს არ არის ომი, არამედ რაღაც სხვა, როგორიც გენოციდია. მე დავპატიჟე, რომ ჩამოვიდეს, როდესაც შესაძლებლობა ექნება. როდესაც ის ჩამოვა და დაინახავს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას თავადაც მიხვდება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეარხ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მანამდე ტელეარხ France 2-ის ინტერვიუში მაკრონმა უარი თქვა „გენოციდი“ ეწოდებინა რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინელთა მკვლელობებისთვის. მაკრონმა თქვა: „დღეს ასეთ ტერმინებს მოვუფრთხილდები, ვინაიდან ეს ორი ხალხი ძმები არიან“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France Bleu-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბარში აუხსნა, რატომ არ გამოიყენა ტერმინი „გენოციდი“ უკრაინაში რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სიტყვა „გენოციდს თავისი მნიშვნელობა აქვს“. მაკრონის განმარტებით, ყველა შეძრა ბუჩის სურათებმა, სცენებმა მარიუპოლიდან, რაც საფრანგეთმა მკაცრად დაგმო, მაგრამ საკითხზე სასამართლო განხილვა უნდა დაიწყოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 აპრილს პირველად გამოიყენა სიტყვა „გენოციდი“ იმ მოქმედებების აღსანიშნავად, რომლებსაც მიმართავს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე.

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო იზიარებს ჯო ბაიდენის შეფასებას უკრაინაში გენოციდის შესახებ.
მსოფლიოს სხვა ლიდერებიც, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ასევე იყენებენ „გენოციდს“ უკრაინაში რუსეთის მოქმედებების აღსაწერად.

XS
SM
MD
LG