სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. სააგენტო „არმენპრეს“-ის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტისას ფაშინიანი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, პრემიერ-მინისტრ მიშუსტინს, დუმის სპიკერ ვოლოდინს და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე მატვიენკოს.
როგორც სომხეთის საინფორმაციო სააგენტო წერს, ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი განიხილავენ სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ-სამოკავშირეო ურთიერთობებს და მთიანი ყარაბაღის შესახებ სომხეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმებების შესრულებას.
რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე 2020 წლის ნოემბერში შეთანხმდნენ. აზერბაიჯანმა 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე. 2022 წლის მარტში, კონფლიქტის ზონაში სიტუაცია ისევ დაიძაბა.
სომხეთი არ შეუერთდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ საერთაშორისო სანქციებს.
15 აპრილს, მოსკოვში ვიზიტით მყოფმა, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა გამოცემა РБК-ს შეკითხვას, ურჩიეს თუ არა სომხეთს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა, რომ რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში არ დაეხმაროს, უპასუხა, რომ სომხეთი სიტუაციას დეტალურად აკვირდება, რათა სანქციების ქვეშ არ მოხვდეს, ევროპელმა და ამერიკელმა კოლეგებმა კი ნათლად გააგებინეს, რომ არ ისურვებდნენ სომხეთის მიმართ ნეგატიური ინსტრუმენტების გამოყენებას.