Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ვიცე-პრემიერმა მოლდოვა გააკრიტიკა არასაკმარისი მხარდაჭერისთვის. მოლდოვის ელჩი ირინა ვერეშჩუკის გამონათქვამებით უკმაყოფილოა


უკრაინის ვიცე-პრემიერი და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ირინა ვერეშჩუკი.
უკრაინის ვიცე-პრემიერი და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ირინა ვერეშჩუკი.

უკრაინაში მოლდოვის ელჩი ვალერიუ კივერი აცხადებს, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერისა და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის, გამონათქვამი კიშინიოვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, არ უწყობს ხელს ორმხრივ ურთიერთობას, არამედ განხეთქილებას თესავს.

ამის შესახებ მოლდოვის ელჩმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე დაწერა.


„მოლდოვის რესპუბლიკა უკრაინის მხარეზე დგას ომის პირველი დღეებიდან - კონკრეტული საქმეებით და არა ლამაზი სიტყვებით. შემიძლია ვთქვა, რომ ათობით ათასი ლტოლვილი ჯერ კიდევ იმყოფება ჩვენს ქვეყანაში. დეკლარაციები, რომლებიც ემოციებსა და გამრუდებულ რეალობას ეფუძნება, კი არ დაეხმარება, არამედ პირიქით - მხოლოდ დაპირისპირებას გამოიწვევს. მხოლოდ ერთად ვართ ძლიერები“, - წერს ფეისბუკში მოლდოვის ელჩი.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა, Jurnal TV-სთან ინტერვიუში მოლდოვა დაადანაშაულა იმაში, რომ ის ძალიან ცოტას აკეთებს უკრაინისთვის. გარდა ამისა, როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, მოლდოვის ხელისუფლება თითქოს არ უწოდებს "ომს" რუსეთის ინტერვენციას უკრაინის წინააღმდეგ. მანამდე კიევი გაანაწყენა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ, რომელმაც განაცხადა, რომ მოლდოვას არ გააჩნია საკმარისი აღჭურვილობა იმისთვის, რომ უკრაინას დაეხმაროს.

„უკრაინსკა პრავდას“ ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება მოლდოვის ხელისუფლების უარს, მიეყიდა მიგ -29 ტიპის გამანადგურებლები უკრაინისათვის, რაც კიშინიოვმა, თითქოს, იმით ახსნა, რომ არ სურს „რუსეთის გაღიზიანება“.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება 6 ერთეული მი-29 ტიპის გამანადგურებელი, რომლებიც სოფელ მარკულეშტში მდებარე ავიაბაზაზეა. თვითმფრინავები საბრძოლო მდგომარეობაშია, მაგრამ იმის გამო, რომ ჰაერში დიდი ხნის განმავლობაში არ ასულან, მათ გასაყიდად გამოცხადებული აუქციონები, "უკრაინსკა პრავდას" ცნობით, წარუმატებლად დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG