Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ ცხინვალში დაასაფლავეს უკრაინიდან ჩამოსვენებული კიდევ ერთი მებრძოლი


უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან ჩამოსვენებული კიდევ ერთი მებრძოლი დაასაფლავეს ოკუპირებულ ცხინვალში. რუსლან კაზიევის დაღუპვის ამბავი ცხინვალში გასული კვირის ხუთშაბათს გავრცელდა, მის გადმოსვენებას კი გარკვეული დრო დასჭირდა. ოსური მედიის ცნობით, კაზიევი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.

რუსლან კაზიევი ცხინვალში 1989 წელს დაიბადა და ქალაქის მე-5 სკოლა დაამთავრა. ის უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისედ წავიდა. ომის პერიოდში სახლში ერთხელ დაბრუნდა, მშობლები მოინახულა და ისევ უკან გაემგზავრა. დე ფაქტო ხელისუფლებამ კაზიევი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა მედლით „სამშობლოს დამცველი.“

დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის ომში ცხინვალელი მოხალისეების და ჯარისკაცების დაღუპვის ეს მეოთხე შემთხვევაა. მანამდე გავრცელდა ცნობა ჯარისკაც ანდრეი ბაკაევის, მომღერალ რობერტ ყულუმბეგოვის, რუსეთის არმიის მოსამსახურის, რუსლან ბესაევის და ბოლოს სამხედრო მოხალისის, რუსლან კაზიევის შესახებ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გააგზავნეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში ომის, მისი სიტყვებით კი, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ აქვს გამოცხადებული და ის, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG