Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ცნობები უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების შესახებ


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ნატომ გამოძებნა უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების და სათადარიგო ნაწილების მიწოდების საშუალება. ამის შესახებ CNN-ი და BBC-ი იუწყებიან თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე, ჯონ კირბიზე დაყრდნობით. მან არ დაასახელა კონკრეტული ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას თვითმფრინავები გადასცეს, თუმცა, თქვა, რომ მათ შორის არ არის აშშ. კირბის თანახმად, აშშ მოკავშირეებს ტრანსპორტირებაში დაეხმარა.

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა დასავლეთისგან ითხოვს რაც შეიძლება მეტ შეიარაღებას, მათ შორის რუსულ „მიგ-29“ ტიპის თვითმფრინავებს, რადგან უკრაინელ სამხედროებს სწორედ ამ ავიაგამანადგურებლების მართვის გამოცდილება აქვთ. „მიგ 29“ საკუთარ შეიარაღებაში აქვს აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის პოლონეთს.

ტელეკომპანიები CNN-ი და NBC-ი და სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ უახლოეს ხანში, პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს უკრაინისთვის კიდევ 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გადაწყვეტილებას. წყაროთა თანახმად, ეს პაკეტი ითვალისწინებს უკრაინისთვის არტილერიის და ჭურვების გადაცემას. 19 აპრილს ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა აშშ დამატებითი არტილერიით უკრაინის დახმარებას.

19 აპრილს ნატოს წევრმა კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ განაცხადა შეიარაღებით უკრაინის დახმარების შესახებ. დიდი ბრიტანეთი და კანადა უკრაინას გადასცემენ არტილერიას და რაკეტებს, ხოლო ნიდერლანდი - მძიმე ტექნიკას. ნორვეგია უკრაინას უგზავნის სარაკეტო კომპლექსებს, "მისტრალს".

გასულ კვირაში აშშ-მა უკრაინას გაუწია დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება, რომელიც მოიცავდა მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს. პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან, აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 2.6 მილიარდი დოლარის დახმარება.

გასულ კვირაში, გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა, რომ რუსეთმა აშშ-ს გაუგზავნა ნოტა გაფრთხილებით, შეაჩერონ უკრაინის "უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც არაპროგნოზირებადი შედეგებით ემუქრება რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG