Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის სასამართლომ ორდერი გასცა ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის თაობაზე


ჯულიან ასანჟი
ჯულიან ასანჟი

20 აპრილს ლონდონის სასამართლომ ორდერი გასცა WikiLeaks-ის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის თაობაზე. ამის შესახებ ორგანიზაცია ტვიტერში იტყობინება. საბოლოო გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პრიტი პატელი მიიღებს. ამის შემდეგ ასანჟს საშუალება ექნება, გაასაჩივროს განაჩენი.

აშშ-ში ასანჟს შესაძლოა 175 წლამდე პატიმრობა დაემუქროს.

აშშ-ში ასანჟს საერთო ჯამში წაყენებული აქვს 18 ბრალდება, მათ შორის ჯაშუშობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევაში, რაც WikiLeaks-ის მიერ ამერიკის სხვადასხვა უწყების საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებას უკავშირდება. პროექტი აქვეყნებდა იმ დოკუმენტებსაც, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, რუსეთის ჰაკერებმა მოიპოვეს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის კამპანიის ფარგლებში, მაგრამ ბრალდებები თავად არჩევნებში ჩარევას არ უკავშირდება.

ასანჟის მომხრეები მას გამომძიებელ ჟურნალისტად მიიჩნევენ. გუშინ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ" გამოვიდა მოწოდებით, გაათავისუფლონ WikiLeaks-ის დამაარსებელი.

ასანჟმა 2012 წელს თავი შეაფარა ლონდონში ეკვადორის საელჩოს, ვინაიდან შვედეთში ექსტრადიცია ემუქრებოდა სექსუალური ძალადობის ბრალდებით. მოგვიანებით შვედეთმა გააუქმა მის წინააღმდეგ ბრალდება, მაგრამ ექსტრადიციის მოთხოვნა დაიწყო აშშ-მა. 2019 წელს ეკვადორმა ასანჟს შეუწყვიტა თავშესაფარი და ის ბრიტანეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა. მას შემდეგ ის ციხეში იმყოფება, სასამართლო კი მისი ექსტრადიციის საკითხს განიხილავს. ახლახან დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ უკუაგდო ასანჟის ექსტრადიციაზე აპელაცია.

XS
SM
MD
LG