Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ები: საგანგაშოა, რომ ითხვისის დასკვნაში "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხისმგებლობაზე არ წერია


დანგრეული საცხოვრებელი სახლი ითხვისში.
დანგრეული საცხოვრებელი სახლი ითხვისში.

არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგაშოს უწოდებენ სოფელ ითხვისის შესახებ მომზადებულ გეოლოგიურ დასკვნას, რომელშიც საუბარი არ არის მადნის მომპოვებელი კომპანიის - ჯორჯიან მანგანეზის" პასუხისმგებლობაზე. ეს დასკვნა საჯარო არ არის, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ეყრდნობიან "მთის ამბების" მიერ მომზადებულ სტატიას.

"მთის ამბების" მიხედვით, დასკვნაში გამოყოფილია ოთხი საკითხი:

  • გასული საუკუნის სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებში განხორციელებული სამთო-მოპოვებითი სამუშაოები;
  • რთული გეოლოგიური პირობები;
  • უხვი ატმოსფერული ნალექი;
  • სეისმური ბიძგები.

"აუცილებელია, კომპანიაში დანიშნულმა სახელმწიფო გარემოსდაცვითმა მმართველმა გაასაჯაროოს ყველა ინფორმაცია, რაც სოფელ ითხვისში მოპოვებითი საქმიანობის გეგმას ასახავს და აღნიშნული არეალის უსაფრთხოების პირობების შესაფასებლადაა აუცილებელი. ასეთი შეფასება აუცილებელია იმისთვისაც, რომ სოფელ ითხვისის ქვეშ საფრთხისშემცველი მოპოვებითი საქმიანობის განახლება გამოირიცხოს და კომპენსაციის სამართლიანი წესი განისაზღვროს", - წერია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "მწვანე ალტერნატივა" და "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო".

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბუნებრივი გარემოს ხელყოფისა და კერძო საკუთრების დაზიანების სხვადასხვა შემთხვევაში, სახელმწიფო მმართველი ყოველთვის უარყოფდა კომპანიის პასუხისმგებლობას, მიუთითებდა ბუნებრივ პროცესებსა და წარსულში დასრულებულ მოპოვებით საქმიანობაზე.

"ჯორჯიან მანგანეზის" მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის სრული უარყოფა კიდევ უფრო წინააღმდეგობრივი ხდება იმ ფონზე, რომ 2021 წლის განმავლობაში ითხვისის მაღაროს ინსპექტირების შედეგად კომპანია არაერთხელ დაჯარიმდა, ხოლო 2022 წლის 17 აპრილს იმავე მაღაროში კომპანიის თანამშრომელი ფატალურ ინციდენტს ემსხვერპლა", - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები "ჯორჯიან მანგანეზს" მოუწოდებენ, ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან, სამინისტროებს კი ითხვისის ქვეშ და მიმდებარედ არსებული სამთო-მოპოვებითი ინფრასტრუქტურის შესწავლას სთხოვენ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში საცხოვრებელი სახლები ინგრევა. ადგილობრივების გადმოცემით, პროცესებმა, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ გამწვავდა, 20-მდე სახლი დაბზარა, რამდენიმე კი ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ საცხოვრებლად უვარგისი გახადა.

XS
SM
MD
LG