Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა შეეფარდა პოლიციელს, რომლის ტყვიამაც დაკავების დროს კაცი იმსხვერპლა


ერიკ წურწუმია, ბრალდებული პოლიციელი
ერიკ წურწუმია, ბრალდებული პოლიციელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ პატიმრობა შეუფარდა იმ პოლიციელს, რომლის ტყვიამაც წყნეთში დაკავების დროს კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სხდომა დღეს, 21 აპრილს გაიმართა.

"პოლიციელის კანონით გათვალისწინებული პირობის არარსებობის მიუხედავად, საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა მისი კუთვნილი იარაღი და მისი გამოყენებით შეეცადა ზურაბ გველესიანის დაკავებას. გველესიანი არ დაემორჩილა წურწუმიას მოთხოვნას, რის შემდეგაც შეეცადა მის დაკავებას შებოჭვის გზით, რა დროსაც იარაღი იყო მოყვანილი საბრძოლო მდგომარეობაში. დაკავების დროს ერიკ წურწუმიამ გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა გველესიანის მიმართულებით, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - თქვა პროკურორმა.

სასამართლო სხდომაზე ისაუბრა თავად ბრალდებულმა პოლიციელმა, ერიკ წურწუმიამ. მისი ნათქვამის მიხედვით, იგი ადასტურებს კაცის სიკვდილს მისი იარაღიდან.

"სამწუხარო ფაქტი მოხდა... მთელი ცხოვრება უნდა ვიცხოვრო ამით და რა უნდა ვთქვა", - უთხრა მან მოსამართლეს.

პროკურატურა ითხოვდა ბრალდებულ ერიკ წურწუმიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეფარდებოდა, რადგან არსებობდა მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.

ერიკ წურწუმიას ადვოკატის თქმით კი, არ შეიძლებოდა აღკვეთის ღონისძიების საკითხი ფორმალურად განხილულიყო. ის ითხოვდა პროკურორებს არგუმენტები ჰქონოდათ.

"არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ალტერნატივა შემოგთავაზოთ. ჩვენი მიზანია, კონკრეტული საფრთხეები, რომელიც რეალურად არის, ის საფრთხეები გამოიკვეთოს. მიმალვის საფრთხეზე და მტკიცებულებების განადგურებაზე ფორმალური საფუძვლით არ უნდა ვიმსჯელოთ. ამ ორ საკითხზე არ არსებობს ფაქტობრივი საფუძველი ბრალდებულის ქმედებებიდან გამომდინარე", - თქვა ბრალდებული პოლიციელის ადვოკატმა.

18 აპრილს, საღამოს, წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელის ტყვიამ ახალგაზრდა კაცი მოკლა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კაცი, რომლის დაკავებასაც პოლიციელი ცდილობდა, იმ ქუჩაზე ნარკოტიკული საშუალების ასაღებად მივიდა.

"მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა", - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

ერიკ წურწუმიას ბრალი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წაუყენა. ამ მუხლებით სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება 5-დან 8-წლამდე პატიმრობით ისჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG