Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს გააძლიერებს


"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავ აქტიურად უჭერს მხარს. დღეს, 21 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა წილი 82 პროცენტია.

"ომის დაწყების შემდეგ, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკასა და უსაფრთხოებას გააძლიერებს", - წერია კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდა.

კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ:

  • საქართველოში უფრო მეტ მოქალაქეს მიაჩნია, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს;
  • შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე;
  • მეტი მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ევროკავშირთან უნდა ჰქონდეს;
  • რუსეთმა პოზიციები დათმო საქართველოს მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორების სიაში;
  • გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს.

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის გამოსაკვლევად ორი კვლევა ჩაატარა - უკრაინაში ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ. ორივე კვლევა შემთხვევითი შერჩევით, სატელეფონო გამოკითხვის გზით ჩატარდა.

პირველი კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 3-15 თებერვალს (2036 ინტერვიუ), ცდომილება იყო 1,8 პროცენტი, მეორე კვლევა კი - 9-20 მარტის პერიოდში (2024 ინტერვიუ), ცდომილება იყო 1,6 პროცენტი.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან ატარებს. ამ დროის განმავლობაში დაიბომბა საავადმყოფოები, სამშობიაროები და საცხოვრებელი სახლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG