Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი დეპუტატი: იზიუმის დატოვება შეუძლებელია, მამაკაცებს იძულებით აწევრიანებენ რუსულ ქვედანაყოფებში


ქალაქ იზიუმს აპრილის დასაწყისიდან რუსი სამხედროები აკონტროლებენ
ქალაქ იზიუმს აპრილის დასაწყისიდან რუსი სამხედროები აკონტროლებენ

რუსეთის ჯარები უარს ამბობენ ოკუპირებული იზიუმიდან ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობაზე. ამის შესახებ რადიო დონბას.რეალიის (რადიო თავისუფლების პროექტი) ეთერში იზიუმის საკრებულოს დეპუტატმა მაქსიმ სტრელნიკმა ისაუბრა. მისი თქმით, შეუძლებელია ქალაქის ორგანიზებულად დატოვება უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ ხალხი ამის გაკეთებას საკუთარი რისკის ფასად ცდილობს.

"თვეზე მეტია ისინი უარს ამბობენ ჰუმანიტარულ დერეფნებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას საკვების, წყლის, მედიკამენტების მოწოდება და მოხდეს პაციენტების და ბავშვების ევაკუაცია. განადგურებულია ყველა კომუნიკაცია: არ არის შუქი, წყალი, სითბო, გაზი, მობილური კავშირი. იზიუმში მცხოვრებ ადამიანებს [ოკუპანტები] ფარად იყენებენ. არ ხერხდება ადამიანების ორგანიზებული გადაყვანა, მაგრამ ხალხი ამის გაკეთებას საკუთარი ძალებით ცდილობს. ჩვენი მოხალისეებიც ეხმარებიან, მაგრამ ეს ცალკეული შემთხვევებია", - განაცხადა მაქსიმ სტრელნიკმა.

დეპუტატი ამტკიცებს, რომ რუსები ოკუპირებულ ქალაქში მამაკაცების იძულებით მობილიზებას ცდილობენ.

"რუსული ჯარები წმენდენ ქალაქს, შედიან სახლებში, ამოწმებენ ყველა სახურავს, სარდაფს და თუ იპოვიან მამაკაცებს, ცდილობენ ჩააბან ისინი უკანონო სამხედრო მოქმედებებში. მათ აჩერებენ საგუშაგოებზე, ჩხრეკენ, მიჰყავთ დაკითხვაზე და აიძულებენ მათ ქვედანაყოფებში გაწევრიანებას", - განაცხადა სტრელნიკმა.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი აპრილის დასაწყისიდან რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ იმყოფება.

XS
SM
MD
LG